აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: “საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. თქვენი დროშა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში, მასზე 5 ჯვარია გამოსახული და, ვფიქრობ, ეს კარგად ასახავს თქვენს გრძელ და წარჩინებულ ისტორიას”

23

“მადლობას ვუხდი ელჩს თბილი წარდგენისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ამ საღამოზე დასასწრებად თბილისიდან ჩამოსვლისთვის. თქვენი აქ ყოფნა თვალსაჩინოა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღონისძიების ფარგლებში, ამ მშვენიერ დარბაზში მოგმართოთ, მოგილოცოთ ქართველ ხალხს ეს მორიგი ისტორიული თარიღი და ერთი-ორი სიტყვით ვისაუბრო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, როგორც ჩემი, ასევე აშშ-ის, პრეზიდენტი ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს სახელით”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ჰიმნების შესრულებისას აღვფრთოვანდი თქვენი ქვეყნის ბუნების სილამაზით. ვფიქრობ, ბევრი ამერიკელი აცნობიერებს, თუ რაოდენ ლამაზია თქვენი ქვეყანა და, ვფიქრობ, საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი ტურისტული შესაძლებლობაა. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც სურს, ადრე თუ გვიან, საქართველოში ჩასულ ტურისტთა რიგებში იყოს. ვნახე რა გამოფენა/ფოტოები, მაშინვე გავიფიქრე: მეც უნდა ჩავიდე.

საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია… ბავშვობაში საათობით რომ ვისწავლიდი. უფროსი ძმა მყავს, რომელიც ჩემზე გაცილებით დიდი იყო და ამიტომ, ფაქტობრივად, დედისერთა ბავშვი ვიყავი; ასე რომ, საათობით ვეჯექი მსოფლიო ატლასს და სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ვკითხულობდი, ვსწავლობდი მათ დედაქალაქებსა და წარმოების საშუალებებს, თუმცა საქართველო მაშინ, როდესაც მე ვიზრდებოდი, დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო, ამიტომ, ფაქტობრივად, არ მომეცა საშუალება, შემესწავლა საქართველო. ის იმ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც დამოუკიდებლები ჩემს ბავშვობაში არ იყვნენ.

ამრიგად, ამ თვალსაზრისით, თქვენ ძალიან ახალი ქვეყანა ხართ, მაგრამ, როგორც ეს დღეს უკვე აღინიშნა, საქართველო, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.

გილოცავთ ამ ათასწლოვან სახელმწიფოებრიობასა და გაქრისტიანების 1700 წელს. თქვენი დროშა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში, მასზე 5 ჯვარია გამოსახული და, ვფიქრობ, ეს კარგად ასახავს თქვენს გრძელ და წარჩინებულ ისტორიას. მოგეხსენებათ, ეს ჩვენი ხალხების საერთო კულტურული მემკვიდრეობაა”, – განაცხადა ლანდაუმ.