„საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია“, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ინთელიჯენს ონლაინი“ აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს ამ თვეში მოუწია თბილისში მყოფი სამი ოფიცრის უკან გაწვევა.
ფრანგული გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მნიშვნელოვანი პირის გადაბირება.
გამოცემის თანახმად, აღნიშნულმა შემთხვევამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. საქართველოს მხრიდან აღნიშნული სამი პირის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.


