რიმა ბერაძე: “ე.წ. ოპოზიცია დარჩა იქ, სადაც მისი ადგილია. ჩვენ კი, ქვეყანაში წარმატებული საქმიანობის ახალი მაგალითები გვაქვს. დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვა, ხელისუფლება ასრულებს ასოცირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე”

30

“ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრე ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ერთმანეთის კონკურენციით შეშინებულები, ხან დიდ ბელად მიშას აკრიტიკებენ და ხან ერთმანეთს ინგლისურის ცოდნას უწუნებენ. მთელ დროს ერთმანეთის ლანძღვასა და “ფეისბუკის” პოსტებით პასუხის-პასუხში ატარებენ. რამდენიმე ხნის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ეთერში რიტორიკულად იკითხა, – ნეტავ რას ვერ ვაკეთებთ სწორადო.

მე მოვუწოდებდი ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, იქნებ, ფანჩატურში დასხდნენ და ამაზე მეტი იფიქრონ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი – ხალხის ნდობა და პატივისცემა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა; იმიტომ, რომ აწყობენ ხელოვნურ პროტესტს, წირავენ ახალგაზრდებს ფიზიკური დაპირისპირებებისთვის, პატიმრობისთვის, მომავლის განადგურებისთვის… მაშინ, როცა თავიდანვე იციან, რომ პროტესტი ხელოვნურია და არსად მსოფლიოში ხელოვნურად გამოწვეულ პროტესტს რევოლუცია არ მოუტანია. ისინი, უბრალოდ, სარგებლობენ ახალგაზრდების პოლიტიკური გამოუცდელობით, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ისინი არ არიან გულწრფელები საკუთარი მომხრეების წინაშეც კი. იმიტომ, რომ მტრობენ საკუთარ ქვეყანას და ასრულებენ გარე ძალების დავალებებს.

ამის პარალელურად, რას ვაკეთებთ ჩვენ? საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ დედაქალაქსა და რეგიონებში. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს. ვუსმენთ და ვესაუბრებით მათ. ვიცით, რა აწუხებს ჩვენს ხალხს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვმუშაობთ ამ საკითხების მოგვარებაზე. მაგალითად, მე, მიმდინარე წელს მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებაზე, ხუთასამდე ადამიანს შევხვდი. ასევე იქცევიან ჩემი კოლეგები საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამას არ აკეთებთ თქვენ, რადგან არ გიყვართ საკუთარი სამშობლო და ხალხი. ამიტომ არის თქვენი ბოლოდროინდელი პოლიტიკური რეიტინგი ასე დაბალი და უპერსპექტივო.

ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დარჩა იქ, სადაც მისი ადგილია. ჩვენ კი, ქვეყანაში წარმატებული საქმიანობის ახალი მაგალითები გვაქვს. მიმდინარეობს განათლების რეფორმა, შენდება ახალი სკოლები და საბავშვო ბაღები. სასწავლო წელი ქვეყანაში ძალიან წარმატებით სრულდება. წელს მეტი წარჩინებული მოსწავლე გვყავს, ვიდრე გასულ სასწავლო წელს. უმჯობესდება სასწავლო ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი და ეს შედეგებზეც აისახება.

გრძელდება სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი განახლებული სასწავლო დაწესებულება შეემატება ჩვენს ქვეყანას.

ჩვენი დელეგაციები მჭიდრო კავშირებს ამყარებენ პარტნიორ ქვეყნებთან. დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვა და გაუმჯობესება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ქვეყანაში სიმშვიდეა და ის სტაბილურად ვითარდება. ხელისუფლება ასრულებს ასოცირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული ბიუროკრატების პირობებში ხშირად ეს გზა ყოფილა ცალმხრივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მასზე სვლა არ შეგვიწყვეტია. ეს ის გზაა, რომელსაც ქართველი ხალხი არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად ადგას და ამ ერთობით კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ!

ეს არის ის ნამდვილი ერთობა, რომელიც ქვეყნის შიგნიდან მომდინარეობს, ხალხის გულებიდან მოდის და არა უცხოელი დამკვეთებისგან. სიმართლის მხარეს დგომა და ეროვნული ინტერესების დაცვა – ეს არის ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ამდენწლიანი ერთობის მტკიცე საფუძველი. სწორედ ამ ერთობით, გვჯერა, საქართველო და ქართველი ხალხი მეტ გამარჯვებებს მოიპოვებს”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.