„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სააკაშვილი სერიოზულ პოლიტიკურ ჩიხშია. თუ აქამდე ოპოზიცია რებრენდინგისთვის იბრძოდა, დღეს უკვე გადარჩენისთვის იბრძვის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ სააკაშვილის პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანის გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„ნანუკა ჟორჟოლიანი ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან იყრიდა კენჭს. გვახსოვს, რომ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. აქედან გამომდინარე, ნანუკა ჟორჟოლიანი, იქნება ეს ჟურნალისტის, პოდკასტების ავტორის თუ სხვა ფიგურის როლში, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ აღიქმება.
შესაბამისად, მისი ფაქტორი, რეიტინგი და რესურსი ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მისი ოფიციალური გამოჩენა პარტიაში რაიმეს არც განსაკუთრებულად შემატებს და არც დააკლებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ვეღარ იპოვა ადამიანი, რომელსაც პარტიაში ახალ სახედ წარადგენდა. სიმართლე რომ ვთქვა, ველოდი, რომ უცხოეთიდან მაინც ჩამოიყვანდა ვინმეს და ახალ სახედ წარმოაჩენდა. ეს პოლიტიკურ მარკეტინგსა და პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით გარკვეულ დატვირთვას შექმნიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი რესურსი ვერ მოიძებნა.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სააკაშვილი სერიოზულ პოლიტიკურ ჩიხშია. თუ აქამდე ოპოზიცია რებრენდინგისთვის იბრძოდა, დღეს უკვე გადარჩენისთვის იბრძვის.
ვინც ოპოზიციაში ლიდერად გამოიკვეთება, მას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება — ოპოზიციური ფლანგის გადარჩენა. თუმცა ეს ბრძოლა სულ უფრო რთული იქნება, რადგან ყოველდღიურად იცვლება გეოპოლიტიკური გარემო, იცვლება საქართველოს როლი და ფუნქცია რეგიონულ თუ საერთაშორისო პროცესებში, ხოლო ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო პოლიტიკაში იზრდება.
როგორიც არ უნდა იყოს ოპონენტების შეფასებები, მათ შორის ევროკავშირთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ საქართველოს პოლიტიკური წონა და საერთაშორისო მნიშვნელობა გაზრდილია. ამ პროცესის მთავარი მიზეზი და ავტორი კი დღევანდელი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდია“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.


