„ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისა და შანტაჟის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ამგვარი გადაწყვეტილებებით ისინი ცდილობენ, ხელისუფლება აიძულონ დაემორჩილოს ბრიუსელის პოლიტიკურ მოთხოვნებს, თუმცა ჩვენს ნებისყოფას საზღვარი არ აქვს და ვერც ერთი ქვეყნის ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე“ – თამარ ჩიბურდანიძე

5

„ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისა და შანტაჟის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ამგვარი გადაწყვეტილებებით ისინი ცდილობენ, ხელისუფლება აიძულონ დაემორჩილოს ბრიუსელის პოლიტიკურ მოთხოვნებს, თუმცა ჩვენს ნებისყოფას საზღვარი არ აქვს და ვერც ერთი ქვეყნის ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ საქართველოსა და ევროკომისიას შორის სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ის სახე, რაც დღევანდელმა ევროპამ გვაჩვენა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

დღეს ვკითხულობდი ფინეთის ხელმძღვანელობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს. ამას მოჰყვა სხვა ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებიც, რომ დიახ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან კარგად ვიცით, თუ რა მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას ევროკავშირი.

აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას: ის, რაც მათთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? რატომ აქვს ევროკავშირს შერჩევითი დემოკრატია? ისინი დემოკრატიის სახელით გვესაუბრებიან, მაგრამ რეალურად თავად არ მოქმედებენ დემოკრატიული პრინციპებით. აქ საუბარი მაქვს თანამედროვე ბრიუსელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ლიდერშიპზე.

რა მოხდება დღეს? მიიღებენ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას? ბუნებრივია, ეს პროცესი დღეს არ დასრულდება. ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისა და შანტაჟის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ამგვარი გადაწყვეტილებებით ისინი ცდილობენ, ხელისუფლება აიძულონ, დაემორჩილოს ბრიუსელის პოლიტიკურ მოთხოვნებს.

რას ნიშნავს ეს მორჩილება? მათი სურვილია, საქართველო საკუთარ გეოპოლიტიკურ პროექტებში ჩართონ. ჩემი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ დაგეგმილი და მხარდაჭერილი პროექტი იყო, რომელიც საბოლოოდ რუსეთმა სამხედრო მოქმედებებით განახორციელა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს ომი თავად რუსეთსაც არ აწყობდა, რადგან მან ამ კონფლიქტში უზარმაზარი რესურსები დაკარგა და დღემდე კარგავს.

ამ გეგმის ნაწილად საქართველოც მოიაზრებოდა და ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ მონაწილედ განიხილებოდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, ქვეყანა გადაარჩინა და არ დაუშვა, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილი გამხდარიყო.

სწორედ ამას ვერ პატიობენ საქართველოს. ვერ პატიობენ იმას, რომ საქართველო ამ სცენარიდან გამოვიდა და არ გაიზიარა ის მძიმე რეალობა, რომლის წინაშეც დღეს უკრაინა დგას. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ისჯება დღეს ქართველი ხალხი.

ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ საქართველო, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი დააჩოქონ. ვიზალიბერალიზაციის თემით ისინი შანტაჟს უწევენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ ხელისუფლებას მხარს უჭერენ.

ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა უკვე ჩავაბარეთ — ავარიდეთ ქვეყანას ომი. გავუძელით ზეწოლასა და შანტაჟს, ვუძლებთ ამას დღესაც და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გავუძლებთ. ჩვენს ნებისყოფას საზღვარი არ აქვს და ვერც ერთი ქვეყნის ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე.

მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება არის საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.