შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადების შესახებ: “მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია, კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას”

18

“თქვენ დაქვემდებარებული და მეორეხარისხოვანი ერი გინდათ იყოთ რომელიმე გაერთიანებაში?!” – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა – შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში წევრობის თაობაზე განაცხადი უკან გამოიწვიოს.

საუბარია გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადების საპასუხო ნაბიჯებზე, რომლითაც მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

„ევროკავშირი, ასეთ გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით, თავად სცდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს მისი წევრების თანასწორობას.

[მარტა კოსის განცხადება] გულისხმობს, რომ არსებობს პირველხარისხოვანი ერები და მეორეხარისხოვანი ერები. რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში.

ახლა მნიშვნელოვანია, კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას. ეს პრობლემა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის, ეს, საბოლოო ჯამში, ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე. წევრ ქვეყნებში მოხდება ეს სეგრეგაცია, სადაც დიდი ერები პატარა ერების, უფრო სწორად, პირველხარისხოვანი ერები მეორეხარისხოვანი ერების საკითხს გადაწყვეტენ. ამიტომ დღეს საშველია ევროკავშირი იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. მისი თქმით, აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.