„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის, მიმართ გამოხატულ კრიტიკას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.
როგორც მეგრელიშვილი წერს, გველესიანმა „Geo Team“-თან ინტერვიუში ფეხბურთელებზე არსებული შესაძლო ზეწოლისა და ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
მისი თქმით, გველესიანის მიერ დასმული კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს რომელიმე გაერთიანებაში შესვლა ქვეყნისთვის „პანაცეა“, ევროპული კურსის უარყოფას არ ნიშნავს.
„Geo Team“-თან ინტერვიუში გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებზე სხვადასხვა ძალის მხრიდან იყო წნეხი, რათა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები („ჩვენი გზა ევროპაშია“) დაეწერათ.
მან აღნიშნა, რომ პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა ეს სიტყვები, თუმცა როგორც ის თვლის მან დასვა უმტკინვეულო კითხვა- თუ რას მოუტანს ეს ქვეყნის ეკონომიკას და რატომ არის ეს პანაცეა, რადგან მას მიაჩნია რომ არცერთ კავშირში გაწევრიანება თავისთავად ეკონომიკის აღმავლობას არ ნიშნავს.
მისი მხრიდან დასმულ კითხვას საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
ინტერვიუში გველესიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად არ არის ევროპული კურსის წინააღმდეგი, თუმცა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ გაერთიანებაში შესვლის საკითხს საზოგადოება ბრმად, კრიტიკული ანალიზისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე არ უნდა უყურებდეს.
ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, დასვას მისთვის საინტერესო კითხვები და არ მოექცეს ზოგადი წნეხის ქვეშ.
საკუთარი აზრის ქონა, კითხვების დასმა და განსხვავებული ხედვის სხვათა შეურაცხყოფის გარეშე დაფიქსირება დანაშაული არ არის!
გიორგი გველესიანის კითხვას – „რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა?“
– ვფიქრობ, მოაზროვნე ადამიანთა დიდი ნაწილი ლოგიკურად მიიღებს, რადგან არცერთი გაერთიანება თუ პოლიტიკური ნაბიჯი არ არის ავტომატური პანაცეა, რომელიც ყველა პრობლემას თავისით გადაჭრის, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რა გავლენა ექნება მას ჩვენს ეკონომიკასა და სუვერენიტეტზე.
მეტიც, ამ კითხვის არსებობა ევროკავშირის კრიტიკას ან მასზე უარს არ გულისხმობს, არამედ პროცესისადმი სერიოზულ მიდგომას ნიშნავს.
ბრმა რწმენა და კრიტიკული აზრის ჩახშობა საბჭოთა/ავტორიტარული აზროვნებაა, ხოლო კრიტიკული ანალიზი – დასავლური.
თუ გააზრებულად გვსურს ის, რაც გვსურს, სწორედ დასავლური, პრაგმატული, კრიტიკული აზროვნებით უნდა ვიმოქმედოთ და არა ბრმა ფანატიზმით.
ევროკავშირი არის უზარმაზარი შესაძლებლობა, კარგი პლატფორმა და პარტნიორი, მაგრამ ის მხოლოდ ინსტრუმენტია და მას სწორად გამოყენება სჭირდება.
ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტები და დროშების ფრიალი.
ეს არის ქვეყნის შიგნით – მრავალი მიმართულებით მზაობა.
მთავარია არა მხოლოდ ის, სად მივდივართ, არამედ ისიც, თუ რამდენად მზად ვხვდებით იქ გაერთიანებას.
ამ საკითხზე მსჯელობისას შეცდომაა ემოციები – ემოციების ადგილი არ არის, ან ყველაზე ნაკლებად არის პოლიტიკაში.
გველესიანის მიერ დასმული კითხვა – არ არის ევროპული კურსის უარყოფა არამედ პრაგმატული მიდგომის ჩევენებაა რაც ამ საკითხის მიმართ გონივრული დამოკიდებულების ნაწილია.
ევროკავშირი არის კონკურენტული, მკაცრად რეგულირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცე. მასში შესვლა ავტომატურად არ ნიშნავს კეთილდღეობას.
ევროპული სიკეთეების რეალურად გამოსაყენებლად, პირველ რიგში, თავად ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური მზაობაა საჭირო და ის ამისთვის საქმიან ნაბიჯებს დგამს რათა, ქართული სახელმწიფოსათვის ევროინტეგრაცია ნიშნავდეს თანასწორთა კლუბში შესვლას და არა ვასალობას”, – წერს მეგრელიშვილი.


