„ასეთ განცხადებებს ოპტიმიზმით ვერ ვუყურებ – მიზეზების აღმოფხვრის გარეშე ომის დასრულება გამორიცხულია“, – ასე შეაფასა სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირება ომის სწრაფად დასრულების შესახებ.
„ასეთ განცხადებებს მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმით ვერ ვუყურებ. ვინაიდან ამ კონფლიქტს, გარდა იმისა, რომ უაღრესად ღრმა ესქატოლოგიური საფუძვლები აქვს, გააჩნია ისეთი ეკონომიკური საფუძვლებიც, რომელთა მოგვარების არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს.
შესაძლოა, ამ პროცესმა რაღაც პერიოდით ცეცხლის შეწყვეტა ან ცხელი ფაზის შენელება მოიტანოს (თუმცა ესეც საეჭვოა), მაგრამ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის გარეშე, ეს ომის დასრულების წინაპირობად ნამდვილად არ მიმაჩნია.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ამ ომში მხოლოდ ორი მხარე — ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები — არ მონაწილეობს. პროცესში ჩართულია ისრაელიც, რომელსაც საკუთარი მოქმედების განრიგი, სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აქვს. რამდენად მიიღებს ისრაელი ასე უპირობოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ პირობებს, ეს დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. მსგავსი საკითხი ეჭვქვეშ არაერთხელ დამდგარა, რის გამოც ანალოგიური ტიპის მოლაპარაკებები მრავალჯერ ჩაშლილა. ახლაც არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ ამ შეთანხმებას რაიმე რეალური ძალა ექნება, მით უმეტეს, თუ არ ვცდები, ეს დონალდ ტრამპის მხრიდან შეთანხმების მიღწევის უკვე 38-ე მცდელობაა.
როდესაც ეს ომი დაიწყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დონალდ ტრამპმა მოლოდინების თამასა იმდენად მაღლა აწიეს, რომ ირანისთვის ნებისმიერი არწაგება უკვე მოგების ტოლფასია. აშშ-ისთვის კი, მტრის სრულად განადგურების გარდა, ნებისმიერი სხვაგვარი შედეგი წაგებად ჩაითვლება. ეს იქნება უმძიმესი დარტყმა რეპუტაციული თვალსაზრისით, რაც, შესაძლოა, პირდაპირ ეკონომიკურ დანაკარგებზე ბევრად უფრო რთული და მძიმე აღმოჩნდეს“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.


