ნოდარ კაპანაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: „ამ ომს ორი შესაძლო ფინალი აქვს: ან დეზინტეგრაცია რუსეთში, ან რუსეთის გავლენა კერზონის ხაზამდე, ნებისმიერი სხვა გამოსავალი – მემორანდუმი, შეთანხმება, პუნქტები, მუხლები თუ ცეცხლის შეწყვეტა – გამორიცხულია“

21

„ამ ომს ორი შესაძლო ფინალი აქვს: ან დეზინტეგრაცია რუსეთში, ან რუსეთის გავლენა კერზონის ხაზამდე, ნებისმიერი სხვა გამოსავალი – მემორანდუმი, შეთანხმება, პუნქტები, მუხლები თუ ცეცხლის შეწყვეტა – გამორიცხულია“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„რუსეთ-უკრაინის ომს, რა თქმა უნდა, აქვს ეკონომიკური საფუძვლები, თუმცა ეს საფუძვლები უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას ნაკლებად ეხება. ეს უფრო მეტად ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს უკავშირდება, ვინაიდან ამ ომის ერთ-ერთი მიზანი, სავარაუდოდ, ევროპისკენ მიმავალი რუსული ენერგომატარებლების გზის ჩაკეტვა იყო, რა კონტექსტშიც ჯდება „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაც.

ამ კონფლიქტში ფრონტის არა ერთი, არამედ დაახლოებით ხუთი ხაზი არსებობს. ამ ხუთივე მიმართულების დეტალური დახასიათება დიდ დროს წაიღებს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი: კატასტროფების თეორიის მიხედვით, რუსეთს შეუქცევადობის წერტილი არ უნდა გადაელახა, მაგრამ რადგან ეს ზღვარი უკვე გადაკვეთა, პროცესი აუცილებლად უნდა მივიდეს გარკვეულ ლოგიკურ ფინალამდე. ამ ფინალის ორი შესაძლო ვარიანტი არსებობს: ან რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესები დაიწყება, ან რუსეთის გავლენა კერზონის ხაზამდე გავრცელდება. რუსეთის გავლენის გავრცელება კერზონის ხაზამდე მაინცდამაინც ჯარების სრულ შესვლას არ ნიშნავს — ეს შეიძლება გამოიხატოს დნეპრის გადაღმა უკრაინაში რუსეთისადმი ლოიალური ხელისუფლების მოსვლით.

ამ ორი ვარიანტის მიღმა, ნებისმიერი სხვა გამოსავალი — მემორანდუმი, შეთანხმება, პუნქტები, მუხლები თუ ცეცხლის შეწყვეტა — გამორიცხულია. ამას გვიჩვენებს ხანგრძლივი ისტორიული ქრონოლოგიაც, ვინაიდან ეს პროცესი, რაც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, არც 2022 წელს დაწყებულა, არც 2014-ში და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც 1991 წელს. ამ კონფლიქტის ათვლის წერტილი მინიმუმ 1596 წლიდან უნდა ავიღოთ, როდესაც ლივონიის ომის შემდეგ ბრესტის უნია გაფორმდა და დასავლეთ უკრაინაში, დღევანდელი გალიციის ტერიტორიაზე, უნიატური რელიგიური მიმდინარეობა ჩამოყალიბდა. სწორედ ეს ძალაა დღეს უკრაინაში მთავარი წამყვანი იდეოლოგიური ღერძი, რომელიც, ფაქტობრივად, მართავს ქვეყანას“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.