ლევან მაჭავარიანი: „რადიკალურ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ბუნებრივია, რადგან ყველა ერთი ვერტიკალიდან იმართება და გარე პატრონების ფავორიტობა ყველას სურს. ფავორიტს ხომ მეტი დაფინანსება და პრივილეგიები აქვს.“

26

„რადიკალურ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ბუნებრივია, რადგან ყველა ერთი ვერტიკალიდან იმართება და გარე პატრონების ფავორიტობა ყველას სურს. ფავორიტს ხომ მეტი დაფინანსება და პრივილეგიები აქვს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„მათი გარე უფროსების მთავარი ჩანაფიქრი ისაა, რისი განხორციელებაც 2025 წელს დაიწყეს და რასაც ახლაც აგრძელებენ — ესაა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გამიჯვნა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს იმიტომ ხდება, რომ პარტია „ახალიც“ კი ვერ შეასაღეს საზოგადოებას, როგორც „არანაციონალური“ ძალა, ვერც თავად „ნაცებს“ ჩამორეცხეს წარსული და ახლა გადაწყვიტეს, რომ „ლელო“ და გახარია წარმოაჩინონ ჩვენი საზოგადოების თვალში თითქოსდა დამოუკიდებელ სუბიექტებად.

ეს ყველაფერი სწორედ ამ სპექტაკლის გაგრძელებაა. მათი მთავარი ჩანაფიქრი იქიდან გამომდინარეობს, რომ უკვე 14 წელი გავიდა და ნახეს — როდესაც ფსონს თამაშის ერთსა და იმავე პრინციპზე დებენ, უკვე მეათე არჩევნებს ვუგებთ. შესაბამისად, ეს დაპირისპირება არის ამ ორი რადიკალური ძალის კიდევ უფრო მეტად გამიჯვნის მცდელობა საზოგადოების თვალში. ამით მათ სურთ, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის უფრო მომზადებულები და დისტანცირებულები შეხვდნენ, თითქოს დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიები იყვნენ. აი, ამ მიზნით აკეთებენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.