„რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მაგალითი, მით მალე გამოფხიზლდება საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც დღემდე ჰგონია, რომ „რუსული კანონი“ მივიღეთ. ისინიც მიხვდებიან, რომ ეს არის უმარტივესი გამჭვირვალობის კანონი, რომელიც პირდაპირ იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი რუმინეთის პარლამენტში წარდგენილ„ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.
„ჩვენს შემდეგ ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთმაც. რამდენიმე თვის წინ კი დიდმა ბრიტანეთმა საშინლად გაამკაცრა მანამდე არსებული მსგავსი კანონი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაქებია — ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ რუმინეთის მისამართით სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან ეს სახელმწიფოები საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ეს კანონი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
თუმცა, ორმაგი სტანდარტი და უსამართლობაა ის, რაც ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან და, ზოგადად, ბრიუსელიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვრცელდება. მათი ლოგიკით, დასავლეთში ეს კანონი მისაღებია, რადგან მათ სუვერენიტეტის განმტკიცება სჭირდებათ, ხოლო საქართველოსთვის — დაუშვებელია. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ თავიანთი დაფინანსებული „ენჯეო“ ორგანიზაციების მეშვეობით თავად სურთ მართონ ჩვენი პოლიტიკური პროცესები და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესი. ამასთან, უნდათ, რომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი არ იცოდეს და ვერ ხედავდეს, თუ რომელი ფონდიდან რა მოცულობის ფინანსები შემოდის ქვეყანაში. ეს ყოვლად მიუღებელია.
ძალიან კარგია, რომ რუმინეთმაც მიიღო ანალოგიური კანონი, რადგან რაც უფრო მეტია მსგავსი მაგალითი, მით მალე გამოფხიზლდება ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც დღემდე არ სჯერა „ქართული ოცნების“ სიმართლის და ჰგონია, რომ „რუსული კანონი“ მივიღეთ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში უმცირესობას წარმოადგენენ. ისინიც მიხვდებიან, რომ ეს იყო უმარტივესი გამჭვირვალობის კანონი, რომელიც პირდაპირ იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


