ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარების შესახებ: „2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ “ღია კარში” მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ “საერთო ევროპული ფასეულობების” დასაცავად. ჯილდოდ, თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების იმ “კასტრირებულ” პერსპექტივას, დღეს რომ უკრაინასა და მოლდოვას სთავაზობენ“

17

„ეს მონაკვეთი ყველაფრით “მშვენიერია” – იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ “ღია კარებში”, ისევე, როგორც ნატო-ს ორპირში, მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ “საათი იქსის” დადგომისას, სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ “საერთო ევროპული ფასეულობების” დასაცავად. ჯილდოდ, თუკი გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების იმ “კასტრირებულ” პერსპექტივას, დღეს რომ უკრაინასა და მოლდოვას სთავაზობენ, მორიგი ბუნდოვანი ნახევრადდაპირების სახით“, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეომიმართვის შესახებ.

“პირდაპირ ამბობს რასა, რომ უკრაინამ ეს ჯილდო დაიმსახურა: განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასობით ათასი მსხვერპლით. ეს იყო ფასი, რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა და “კრება ბედნიერი დარჩებოდა”. აქვე, რასა კვლავ მიმართავს იმ ვირტუალურ ქართველ ხალხს, რომელმაც უნგრეთის დუნაის წყალი უნდა გადაისხას – ევროპელების “ამაყი” წოდება რომ დაიმსახუროს. “17 მაისის” ქართველობას კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენს.
თავის დროზე ეკონომიკური კავშირების საფუძველზე შექმნილმა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ 2008 წელს ცივი უარი განაცხადა ომში ჩათრეული საქართველოსთვის დახმარების გაწევასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მაგრამ, უკრაინა ხომ სულ “სხვა რამაა”. ამიტომაც მოხდა ბრიუსელის მყისიერი ტრანსფორმაცია სამხედრო ალიანსად, რომელმაც ევროინტეგრაციის საფასურად პირდაპირ დააწესა სისხლიანი ზვარაკის მსხვერპლშეწირვა. ამას გვთავაზობს რასა და ამ “ქართველი ხალხის” მხარდაჭერის იმედად რჩება…” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.