ნიკოლოზ მეტრეველი სალომე სამადაშვილის განცხადების შესახებ: „შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია, რომელიც ქართველ საზოგადოებაზე დიდი ხანია, აღარ მუშაობს“

20

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა.

„ოპოზიციის მორიგი უტიფარი ტყუილის მხილება: სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა.
სინამდვილეში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის მონაცემები სულ სხვა რამეს აჩვენებს. ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:

1. საქართველო – 10 346 დოლარი;

2. მოლდოვა – 8 542 დოლარი;

3. უკრაინა – 6 499 დოლარი.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს, მაშინ როგორ შეიძლება იყოს ის კანდიდატ ქვეყნებს შორის „ყველაზე ღატაკი“? გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იყო.

ცხადია, შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია, რომელიც ქართველ საზოგადოებაზე დიდი ხანია, აღარ მუშაობს“, – წერს მეტრეველი.