ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიენეს განცხადების შესახებ: „თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?“

25

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება.

„ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაფართოებაზე, რეალურად, არავინ საუბრობდა, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?

გამოდის, რომ 2022 წლამდე ქართველ საზოგადოებას ან არასრული ინფორმაცია მიეწოდებოდა, ან ევროპული პერსპექტივა მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყო. ასევე გაუგებარია, რატომ გახდა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირის გაფართოების მთავარი კატალიზატორი. ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის, ის პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის საფუძველი დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რეფორმებია. აქედან გამომდინარე: თუ წევრობა ამ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული, რატომ აღმოჩნდა ომი გადამწყვეტი ფაქტორი?

თუ ომმა მხოლოდ დააჩქარა უკვე არსებული პროცესი, ეს გასაგებია. მაგრამ იმის თქმა, რომ მანამდე გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ არსებობდა, ეწინააღმდეგება იმ გზავნილებს, რომლებსაც ევროკავშირის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ქართველ საზოგადოებას აწვდიდნენ.

და ბოლოს, ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: საერთოდ გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც თავადვე აღიარებენ, რომ გადაწყვეტილებებს არა ღირებულებები და რეფორმები, არამედ მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატიის ინტერესები განსაზღვრავს…“ – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.