„ვაკვირდებით ევროპარლამენტიდან ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმისა მცდელობას, ოდიოზური ავტორებისგან, რომლებიც გამოირჩევიან სააკაშვილთან მეგობრობით და საქართველოსთან არანაირი მეგობრული კავშირი არ გააჩნიათ“ – დავით მათიკაშვილი

22

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს გამოეხმაურა, რომელსაც ევროპარლამენტში კენჭი დღეს უყარეს.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, ეს კიდევ ერთი ობიექტურობისგან დაცლილი ანგარიშია, რომელიც ტყუილ ნარატივებზეა დამყარებული.

“რეზოლუციები, ტრადიციულად დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან, დამყარებული ტყუილ ნარატივზე, არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ დღენიადაგ ვაკვირდებით მცდელობას თავდასხმისა ჩვენს ქვეყანაზე ევროპარლამენტიდან, იმ ოდიოზური ავტორებისაგან, რომლებიც გამოირჩევიან სააკაშვილთან მეგობრობით და საქართველოსთან, სამწუხაროდ, არანაირი მეგობრული კავშირი არ გააჩნიათ.

კვლავ მცდელობაა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ხელწერა ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებისა, რომელსაც არანაირი არსებითი მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის არ გააჩნია,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.