„ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკურ განვითარებას.
„საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან. ასევე ვესაუბრეთ ეკონომიკურ განვითარებასა და იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ცოტა ხნის წინ მიაღწია. მათ შორის, ეკონომიკის გაორმაგება, სიღარიბის რაოდენობის შემცირება და ა.შ. საუბარი გვქონდა ასევე საქართველო ევროკავშირის პრობლემატიკაზე.
ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ტრიალებს საქართველოს ირგვლივ. სხვათა შორის, ბევრი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ, მათთვის ცნობილი არ იყო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ლუქსემბურგის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელშია. უკვე შედგა ბელგიის პარლამენტში შეხვედრები. ქვეყნებს შორის კავშირების გარდა, დისკუსიის თემა იყო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაც.


