„ევროკავშირი, სამწუხაროდ, აღარ არის ქმედუნარიანი გეოპოლიტიკური მოთამაშე — მას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც გამოსავალს დაგვანახებდა“, – ამის შესახებ საკრებულოს ვიცე თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ევროკავშირის ბედი, ჩვენდა სამწუხაროდ და თავად მათდა საუბედუროდ, ბოლო დროს საკმაოდ უცნაურად განვითარდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, თავიდან ეს იყო ძალიან პერსპექტიული გაერთიანება, რომელსაც ყველა იმედით შევცქეროდით, თუმცა, სულ რამდენიმე წლის წინ დადგა დრო, როდესაც მსოფლიო მართლწესრიგს სილა გააწნეს. აღმოჩნდა, რომ ამ გაერთიანებას არც მეორე ლოყის მიშვერა შეუძლია და არც იმის ძალა შესწევს, რომ ადეკვატური პასუხი დააბრუნოს. აი, ასეთ უცნაურ მდგომარეობაშია გაჭედილი დღევანდელი ევროკავშირი. ის, როგორც გეოპოლიტიკური ფაქტორი, ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მისი დღითიდღე იკლებს, რადგან ერთი მხრივ, რეალური ძალა აღარ გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ — ამბიცია ძველი აქვს დარჩენილი. ანუ კვლავ იმ ილუზიაშის, რომელიც რეალურად დიდი ხანია დაიმსხვრა და აღარ არსებობს.
ნაცვლად იმისა, რომ ზუსტი დიაგნოზი დასვას და საკუთარ თავს უმკურნალოს, ევროკავშირი ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე ვერ თანხმდება და ძველი ილუზიებით კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს. ისინი საკუთარ წარმოდგენებს მისდევენ და არა რეალობას, რადგან ახალ მოცემულობასთან ადაპტაცია უჭირთ. ეს კი იმიტომ კი არ ხდება, რომ უბრალოდ რეალური ლიდერები დაკარგეს, არამედ იმიტომ, რომ ხალხი, ვისაც ევროკომისრებად ნიშნავენ, ფაქტობრივად, არავის მიერ არ არის არჩეული. ეს პირები დასხდნენ, ამხელა გაერთიანების ლიდერები დაერქვათ, თუმცა ბუნებრივი ლიდერული თვისებები არ გააჩნიათ. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს გარკვეული „პოლიტბიურო“, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, რაც, ერთი მხრივ, საერთოდ არ ასახავს ევროპელი ხალხის სურვილებს და, მეორე მხრივ, თავად იქაურ სააზროვნო სივრცეში არსებულ კრიზისზე მიუთითებს.
ეს რეალობა ჩვენთვის სულაც არ არის კარგი. საქართველოსთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, მათ რეალური ძალა ჰქონოდათ, რათა გეოპოლიტიკური ბალანსი შეგვენარჩუნებინა და სწორი გზით გვევლო იმ კავშირისკენ, რომელიც თავის დროზე არსებობდა — იმ ღირებულებებისკენ, რომლებზეც ის წლების განმავლობაში იდგა. დღეს კი ევროკავშირი, სამწუხაროდ, აღარ არის ქმედუნარიანი გეოპოლიტიკური მოთამაშე — ეს ფაქტია. მას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც გამოსავალს დაგვანახებდა, და თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პირობებში ბევრსაც არაფერს ეკითხებიან ევროკავშირს.
არსებობს ფუნდამენტური ფასეულობები, რომლებზეც ეს დემოკრატიული კავშირი დაფუძნდა, და არსებობს ის „ღირებულებები“, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მომწიფდა. ჩემი აზრით, ეს ბოლო დეკადის „ღირებულებები“ ჩემი აზრით სიცოცხლისუნარიანი არ არის — ყველაფერი ზედმეტად დაწვრილმანდა, ფუნდამენტი დაივიწყეს და აქცენტები წვრილმანებზე გადაიტანეს. შესაბამისად, ეს ბოლო პერიოდიც მოიშლება და ის, რაც ზოგადსაკაცობრიოა და თავიდანვე იდო ამ გაერთიანების საფუძველში, ადრე თუ გვიან აუცილებლად მობრუნდება. ეს მოხდება მაშინ, როდესაც დედამიწაზე აგრესიის მიმდინარე ტალღა დასრულდება და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მოხდება. თუმცა, მოასწრებს თუ არა ევროკავშირი ამ გადანაწილებაში ანგარიშგასაწევი პოზიციის დაკავებას, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.


