„ოპოზიციას პულსი საერთოდ არ ესინჯება, ისინი ფაქტობრივად უკვე დასრულებულები არიან და აღარც აქვს მნიშვნელობა, ოფიციალურად აიკრძალებიან თუ არა“, – ამის შესახებ საკრებულოს ვიცე თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ჩემი აზრით, ისინი რეალურად აღარ არსებობდნენ — პულსი საერთოდ არ ესინჯებათ. მიკვირს, იმ პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციას ჰქონდა, ამ დამღუპველი გზით როგორ იარეს. თუმცა, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ არგებს, რაც უფრო მალე დასრულდებიან.
როგორც ჩანს, თავადაც ნახეს, რომ პოლიტიკური პულსი აღარ აქვთ, და ნანუკა ჟორჟოლიანის სოციალური მედიის აქტივობებითა თუ მიტინგებსა და დემონსტრაციებზე მისი პოლიტიკური აქტივიზმით წარმოიდგინეს, რომ იგი მათ წრეში ყველაზე პოპულარული ფიგურაა. შესაბამისად, სრულიად უცნაური შეთავაზებებიც გაჟღერდა.
რეალურად, ისინი უკვე დასრულებულები არიან და მგონი, აღარც აქვს მნიშვნელობა, ოფიციალურად აიკრძალებიან თუ არა — პოლიტიკურ ველზე ისინი უბრალოდ აღარ არსებობენ.
მათზე სასაუბროც კი აღარაფერი დაგვრჩა. ვისზე უნდა ვისაუბროთ, ან საერთოდ რა პოლიტიკური პოზიცია აქვთ და რა უნდათ? ახლა რომ ხელისუფლებაში დასხდნენ, რის გაკეთებას აპირებენ?
პირველივე დღიდან მოყოლებული, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ოპოზიციის გზა ყოველთვის რევოლუციური იყო და სხვა რამეზე არც არასოდეს უფიქრიათ. მიზეზი მარტივია: პირველი — კარგად იციან, რომ მათი მენტალობის ხალხს საზოგადოებაში მხარდაჭერა არ გააჩნია, და მეორე — რეალურად რომ ჰკითხო, თავად რას გააკეთებდნენ ხელისუფლების ადგილზე, არანაირი გეგმა არ გააჩნიათ.
სააკაშვილმაც კი არ იცის, რეალურად რა უნდა — მხოლოდ ერთი რამ იცის ზუსტად: ციხიდან გამოსვლა სურს. თუმცა, ჩემი აზრით, რომც გამოვიდეს ან გამოუშვან, მაინც ვერაფერს შეცვლის. ადგება და მიტინგზე ერთ-ერთ რიგით მომიტინგედ დადგება, მაგრამ იქაც დიდხანს ვერ გაძლებს, რადგან, როგორც ვაკვირდები, მას ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება უბრალოდ არ შეუძლია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.


