„რასა იუკნევიჩიენეს დღევანდელი განცხადება პირდაპირ დანაშაულის აღიარებაა — მან ყველაფერს ფარდა ახადა და დაადასტურა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გეგმა არც არსებულა და ეს ქვეყანა უბრალოდ გაწირეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„რასა იუკნევიჩიანეს დღევანდელი განცხადება მხოლოდ სკანდალური კი არ არის, არამედ პირდაპირ დანაშაულის აღიარებაა. ეს არის იმ მზაკვრული გეგმის მხილება, რომელიც ამ ბიუროკრატებს ჰქონდათ შემუშავებული იმ ხალხების მიმართ, რომელთა წინასწარ ჩათრევაც იგეგმებოდა ომის კატასტროფაში. პრაქტიკულად, მთელი უკრაინელი ხალხი და უკრაინის მომავალი გაწირეს. როგორც თავად ამ ქალბატონმა საკუთარი განცხადებით აღიარა, ევროკავშირში მათი გაწევრიანების არანაირი რეალური გეგმა არც არსებულა.
ის, რაზეც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვესაუბრებოდით საზოგადოებას — თუ როგორ მზადდებოდა საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა, როგორ გვაიძულებდნენ და გვატერორებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო — დღეს ამ განცხადებით საბოლოოდ გახდა ცხადი. „არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდესო“ და აი, ამ ქალბატონმაც ყველაფერს ფარდა ახადა.
ამ ბიუროკრატებს არასოდეს ადარდებდათ, გახდებოდა თუ არა საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა ევროკავშირის წევრი. მათი მთავარი მიზანი იყო, ეს ომი საკუთარი გეგმის მიხედვით წარემართათ და უკრაინის გარდა, მასში სხვა ხალხებიც ჩაეთრიათ. ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ჩვენ ვიყავით. რასა იუკნევიჩიანესა და მისი მსგავსი ბიუროკრატების, თუ „დისფთეითის“ მიერ დაქირავებული „ხელის ბიჭების“ ხელში, ჩვენი ხალხი საზარბაზნე ხორცად უნდა ქცეულიყო.
შესაბამისად, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლების უტეხი ნება და ეს მტკიცე პოზიცია, ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალი კატასტროფა დადგებოდა.
თუ ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრება, თუ საფრთხე დაემუქრება ჩვენს მომავალსა და იდენტობას, მაშინ წყალს წაუღია ყველა კავშირი!“ – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


