„როცა უკრაინა ეკონომიკურად ყვაოდა და წელში გამართული იყო, მაშინ არ მიიღეს ევროკავშირში და დღეს, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი და განადგურებული ქვეყნის გაწევრიანებაზე როგორ უნდა დაიჯერო მართა კოსის დაპირებები?!“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მარტივად გასაგები ამბავია — როდესაც უკრაინა ეკონომიკურად ყვაოდა და წელში გამართული იყო, მაშინ არ მიიღეს ევროკავშირში. ახლა კი, როცა ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ყველაფერი განადგურებულია, მისი მომავალი გაურკვეველია და როდის აღდგება, კაცმა არ იცის, რა გაწევრიანებაზეა საუბარი? მარტა კოსის დაპირება როგორ უნდა დაიჯერო? ჩვენ კარგად ვიცით, მისი თითოეული განცხადება როგორი უსამართლობითა და სიყალბითაა გაჯერებული, განსაკუთრებით ჩვენთან მიმართებით. მის ყველა გამოსვლაში მუდმივად იგრძნობოდა აგრესია და მუქარა.
როდესაც ქვეყანა ჩვენს თვალწინ განადგურდა, ასიათასობით ადამიანი დაიღუპა და, შეიძლება ითქვას, მთელი უკრაინა სასაფლაოდ გადააქციეს, როგორ უნდა ენდო მარტა კოსის განცხადებას, თითქოს უკრაინას გარკვეული პირობებით ევროკავშირში მიიღებენ?
საერთოდ, ვის უღირს ასეთი ფასით გაწევრიანება, ჩემთვის გაუგებარია. უკრაინა თავის დროზე ევროპის „ბეღელი“ იყო და ძლიერი ეკონომიკა ჰქონდა. დღეს კი, თავად ევროკავშირის ქვეყნებისთვის რამდენად მისაღებია ასეთი დაჩაჩანაკებული, წელში გატეხილი და გაუბედურებული სახელმწიფოს მიღება? ეს ხომ პირდაპირ სატყუარაა.
ასე ეგონათ, ჩვენც გაგვაბრუებდნენ მსგავსი დაპირებებით, წამოვეგებოდით მათ ანკესზე და ევროკავშირში გაწევრიანების ლოზუნგებით ამ უბედურებაში ჩაგვითრევდნენ, მაგრამ ვერ მივართვით! ჩვენი ხელისუფლების სიფხიზლემ, შორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ და მოვლენების სწორმა გააზრებამ მათ ეს გეგმები ჩაუფლავა და სწორედ ამიტომაცაა, რომ გულზე არ ვეხატებით.
მათ სჭირდებათ მონურად მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს — რასაც დაავალებენ. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც კი მოეპრიანებათ და მათთვის მისაღები იქნება, მორჩილად უნდა მიიღო. აი, მაგ შემთხვევაში ტაშს დაგიკრავენ, რასა იუკნევიჩიანეც ქება-დიდებით აგავსებს. მაგრამ რაში გვჭირდება რასა იუკნევიჩიანეს ქება ან მარტა კოსის პოლიტიკური კომპლიმენტები? თავი დაგვანებონ — ჩვენს საქმეს მათ გარეშეც ძალიან კარგად ვუძღვებით“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


