„რანაირად შეიძლება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაზე გქონდეს პრეტენზია, სხვებს ღირებულებებისკენ მოუწოდებდე და, ამავდროულად, ერთ პატარა ქვეყანაში თავისუფალ მედიას ასანქცირებდე და ატერორებდე? რით განსხვავდება ეს იმ ტოტალიტარიზმისგან, რომელსაც, როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ?“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ეს რეზოლუციები ჩვეულებრივ მაკულატურად გადაიქცა — სხვა რა უნდა დავარქვათ? რასა იუკნევიჩიანესა და მისი კოლეგების მიერ მომზადებული დოკუმენტები რომ აკინძო, ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის კონსპექტი გამოვა. ეს არის პირდაპირი მუქარა, სიყალბესა და სიცრუეზე აგებული განცხადებები და მათ საფუძველზე გამოტანილი, ასევე უსამართლო და ყალბი გადაწყვეტილებები. რა ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რამდენიც უნდა გამოსცენ?
თავადაც ხომ ხედავენ, რომ დასანქცირების მუქარებმა შედეგი არ გამოიღო — და რამდენი ასეთი მუქარა გვსმენია. სასაცილო ისაა, რომ ამ რეზოლუციებზე ხელმომწერებს გეოგრაფიაში ტესტირება რომ ჩაუტარო, ათიდან შეიძლება ორი ქულაც ვერ მიიღონ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მათ რუკაზე ისიც კი არ იციან, რომელი ქვეყანა სად მდებარეობს.
ესენი არიან ევროპარლამენტის ხარჯზე ხელმომთბარი ადამიანები, რომელთაც საკუთარი პირადი ინტერესი თუ ბიზნესი ამოძრავებთ. შესაბამისად, რასაც დაავალებენ, ბრმად თავს უქნევენ და ეთანხმებიან. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იციან, რას უჭერენ მხარს, რა სანქციებზე ან დემოკრატიის რა „უკუსვლაზეა“ საუბარი. მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რეალურად რა წერია ამ რეზოლუციებში.
საუბარია ტელეკომპანიების დასანქცირებაზე. ეს არის თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ღია მცდელობა და წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინოა. რაც უნდა არ გსიამოვნებდეს და გაღიზიანებდეს კრიტიკული სიტყვა თუ განსხვავებული აზრი, რანაირად შეიძლება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაზე გქონდეს პრეტენზია, სხვებს ღირებულებებისკენ მოუწოდებდე და, ამავდროულად, ერთ პატარა ქვეყანაში თავისუფალ მედიას ასანქცირებდე და ატერორებდე? რით განსხვავდება ეს იმ ტოტალიტარიზმისგან, რომელსაც, როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ? თუკი ჩვენ ისევ იმავე მონურ მორჩილებას გვიკიჟინებენ და თავისუფალ სიტყვას გვიზღუდავენ, გამოდის, ისევ ისეთსავე ტოტალიტარიზმში უნდა დავბრუნდეთ?
ამავდროულად, გული მწყდება ამ ყველაფერზე, რადგან ჩვენ ძალიან დიდი სურვილი და მისწრაფება გვაქვს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისა და ევროპულ სივრცეში ცხოვრების, მაგრამ ასეთ ადამიანებთან თანაცხოვრება არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


