მაკა ბოჭორიშვილი: „თუ ევროკავშირი იწყებს უკვე გზების ძიებას, თუ როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება, შექმნან გაფართოების ილუზია“

29

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი LIVE-ის“ ეთერში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი, თუ რამდენად მზად იყო ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად. განსაკუთრებული აქცენტი უკრაინაზე კეთდებოდა, იმიტომ, რომ მაშინ გაჟღერდა, თითქოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნების აღშფოთებაც კი გამოიწვია, თუ რამდენად უნდა უკარნახონ მესამე ქვეყნებმა ევროკავშირს, როდის და რა პირობებით გაფართოვდეს. ამის შემდგომ კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები, თუ რა წესებით უნდა მოხდეს გაფართოება. ერთგვარად ფაქტის წინაშე დგას ევროკავშირი, რომ გაფართოების საკითხის კიდევ გადადება და გაწელვა შეიძლება, შეუძლებელი გახდეს რაღაც მომენტში.

ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი და უნგრეთის შემთხვევა ხშირად იყო გამოყენებული იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უარყოფითად შეიძლებოდა, ემოქმედა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ერთი ქვეყნისთვის ვეტოს უფლებას. სწორედ ეს არის გარანტია თანასწორობის, თანასწორუფლებიანობის წევრ სახელმწიფოებს შორის. გადაჭრით საუბარი, თუ როგორი იქნება პირობები, ჩემთვის შეუძლებელია, რადგან დაწერილი, ხელმოწერილი და შეთანხმებული ეს არ არის, თუმცა ცხადია, არის საუბარი, რომ ახალ წევრებს გაწევრიანების შეთანხმებაში ჰქონდეთ პირობა დადებული, რამდენი წელი არ ექნებათ მათ რაღაც უფლებები, როგორიც ექნებათ სხვა წევრ სახელმწიფოებს.

მთავარი კითხვა აქ არის ის, არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის. თუ ევროკავშირი იწყებს უკვე გზების ძიებას, თუ როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება, შექმნან გაფართოების ილუზია.

რა გამოდის, რომ ბრიუსელის წესები ყოველგვარი ხმის, საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გარეშე სავალდებულო უნდა იყოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, ეს იქნება თუ არა მათ ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში? ეს ფუნდამენტურად ცვლის თავად ევროკავშირის არსს. ევროკავშირი სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებაა. რა თქმა უნდა, არის სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილების დათმობა კავშირის სასარგებლოდ, თუმცა ეს არასოდეს ეხებოდა საგარეო პოლიტიკას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით,  ჩნდება დამატებითი კითხვები, თუ რა ფორმით იქნება დაცული წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები და რამდენად შეინარჩუნებენ ისინი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის გაფართოების ახალი მოდელის პირობებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის გაფართოების სამომავლო ხედვების შეფასება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა რამდენიმე თვეში ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყანასთან დიალოგი შეაჩერა.

„ძალიან რთულია, ისაუბრო დღეს ევროკავშირის გაფართოებაზე და სრულად გქონდეს წარმოდგენა მათ ხედვებზე, თუ რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.