ზაალ ანჯაფარიძე: “თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ, აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი”

7

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას ეხება.

“ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის სრულიად არაადეკვატურ (რბილად რომ ვთქვა!) მოწოდებას, რომ საქართველოს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი ევროპაში, საინტერესოა, როგორ მიიღებს ევროკომისია? როგორ განხორციელდება იმ “რჩეულთა” გამოხშირვა, ვისაც შეეძლება, სხვებს შეახარბოს: “მე დავდივარ ევროპაში უვიზოდ, თქვენ კი – ვერ, იმიტომ, რომ “ვარ ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი.” თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ, აქ შედგება კომისია (გამოიცანით, ვინ იქნებიან წევრები), რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი”, – წერს ანჯაფარიძე.