ჯაბა ხუბუა: “2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს. დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც “ნაცმოძრაობის” რიგებში დარჩა. საინტერესოა, ბოკუჩავა გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას”

8

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელ “X-ში” მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენებას ეხმაურება.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობას” წყალტუბოს, ბაღდადის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე ჰყავდა წარდგენილი. იგი უკვე ატარებდა შეხვედრებს ამომრჩეველთან, ელექტრონის ბოძები, სამშენებლო ღობეები და შენობების კედლებიც აჭრალებული იყო მისი პლაკატებით… მაგრამ, ვაი, გენერლის სირცხვილო – დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს! ჩამოხსნეს ყველგან დევის პლაკატები და ბილბორდები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის ადგილას სოდ-ის ყოფილი უფროსის ყოფილი ცოლი გამოაკრეს.

მიუხედავად ამისა, გენერალ ჭანკოტაძეს – ნანულით ჩანაცვლებულ დევის – საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა, ასეთი დამცირება უსიტყვოდ გადაეყლაპა და მაინც “ნაცმოძრაობის” რიგებში დარჩენილიყო.

ჰოდა, საინტერესოა, პატიმარ სააკაშვილის მიერ ნაცპარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნანული ჟორჟოლიანით ჩანაცვლებულ თინა ბოკუჩავას აღმოაჩნდება თუ არა გენერალ დევი ჭანკოტაძეზე მეტი თავმოყვარეობა და გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას. ვნახოთ, რა უფრო ფასეულია ბოკუჩავასთვის – ღირსება და თავმოყვარეობა თუ სააკაშვილის მიერ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ნაჩუქარი ,,აიფონი“, – წერს ჯაბა ხუბუა.