„ევროკავშირის ბიუროკრატიული ჭაობი არათუ ამოშრა, არამედ კიდევ უფრო გაფართოვდა და გაღრმავდა. შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვა — რომელ ევროკავშირში ვაპირებთ გაწევრიანებას? იმ გაერთიანებაში, რომელსაც დღეს ვხედავთ?“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე მამრაძემ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, წინა რეზოლუციების მსგავსად, ეს რეზოლუციაც თაროზე დაიდება. აღმასრულებელ ორგანოში — ევროკომისიაში — ძალიან კარგად იციან საქართველოს რეალური მდგომარეობა და პარამეტრები, რომლებსაც მათივე ცნობილი, ავტორიტეტული ორგანიზაციები ადგენენ. ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ კონიუნქტურას კი არ უყურებენ, არამედ კონკრეტულ მონაცემებს ითვლიან — როგორია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. საქართველო თითქმის ყველა ამ კომპონენტში უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ეს ყველაფერი ბრიუსელში კარგად იციან. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბევრ საკითხზე შეუძლია სამართლებრივი დავა და ჩივილი.
ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს ფსევდოპოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ ორ დიდ ტყუილზეა აგებული: პირველი — ვითომ გაყალბებული არჩევნები, რომლის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, და მეორე — მითი, თითქოს ეს პრორუსული მთავრობაა. დანარჩენი ყველა სიცრუე ამ ბაზისზეა დაშენებული და შედარებით მცირე მასშტაბისაა — მაგალითად, ის, რომ სააკაშვილი შიმშილობს და „დღეს თუ არა, ხვალ მოკვდება“, რასაც „სიენენის“ სიუჟეტები და „ბიბისის“ ფილმები ტირაჟირებდნენ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ სიკეთეს ვუსურვებ სომეხ ხალხს, მაგრამ ფაქტია: სომხეთი საკუთარ საბაჟოზე ევროპულ მონიტორინგს არ უშვებს და არა მარტო აქტიურად არის ჩართული ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, არამედ პარალელურ იმპორტსაც ეწევა. ამის გამო სომხეთს არავინ საყვედურობს. საქართველო კი აბსოლუტურად ღიაა — ლარსის საბაჟოზე უცხოელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა არაერთი მონიტორინგი ჩაატარეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ აქ არანაირი სანქციების გვერდის ავლითი პროცესი არ ხდება, თუმცა ჩვენს მიმართ მაინც იმავე ყალბ ბრალდებებს იმეორებენ.
მახსენდება, თავის დროზე ერთ-ერთმა ცნობილმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით — „როგორ ამოვაშროთ ევროკავშირის ჭაობი“. თუმცა დრო გავიდა და ეს ჭაობი არათუ ამოშრა, არამედ კიდევ უფრო გაფართოვდა და გაღრმავდა.
სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რომელიც ადრე იყო. ის ნამდვილად შეიცვალა და თანაც — ძალიან სწრაფად. ჩემთვის გარდამტეხი ათვლის წერტილი 2012 წელია, როდესაც ევროკავშირი თითქოს წარმატების პიკზე იყო და ნობელის პრემიაც კი მიენიჭა, თუმცა ამ ფასადის მიღმა სრული სიცარიელე აღმოჩნდა — არავინ ზრუნავდა არც უსაფრთხოებაზე და არც დემოგრაფიულ გამოწვევებზე. ამ ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ასე პრინციპულად საუბრობს ევროინტეგრაციაზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა — კონკრეტულად რომელ ევროკავშირში ვინტეგრირდებით? იმ გაერთიანებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ?
ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ეს ბიუროკრატიული ჭაობი უახლოეს მომავალში ამოშრება. ტენდენცია და პერსპექტივა, რომ ევროკავშირი ჩვენთვის თუ სხვა სუვერენული ქვეყნებისთვის კვლავ გახდეს ისეთივე სასურველი, როგორიც ადრე იყო, ამ გადასახედიდან საერთოდ არ ჩანს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


