„ირანმა მიიღო ყველაფერი ის, რასაც საომარი მოქმედებებითაც კი ვერ აღწევდა — ეს არის ბევრად უარესი ხელშეკრულება, ვიდრე რომელიმე შეთანხმება, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე მამრაძემ აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა.
„მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების შეფასებები ფრიად მნიშვნელოვანია. მათი აზრით, ეს არის ბევრად უარესი ხელშეკრულება, ვიდრე რომელიმე შეთანხმება, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი.
სანამ უშუალოდ 14-ვე პუნქტის განხილვას დავიწყებდეთ, მთავარი ისაა, რომ საბრძოლო მოქმედებები მთლიანად წყდება და შეერთებული შტატები, ირანი და მათი მოკავშირეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, მათ შორის ლიბანში, აღარ იქნება.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვის ნიშნები: ვინ გააკონტროლებს ამის შესრულებას? წავა კი ისრაელი ამ დათმობაზე? ეს ყველაფერი, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ირანი „ჰეზბოლას“ სრულ გაკონტროლებას შეძლებს, რაც დღეს რთული წარმოსადგენია. სწორედ ამიტომ უყურებს ბევრი სკეპტიკურად ამ შეთანხმების რეალიზებას.
ცნობილი ექსპერტები უკვე წერენ, რომ შეუძლებელია ისრაელი შეეგუოს დოკუმენტში ჩაწერილ პირობებს, მით უმეტეს, რომ თავად მას ხელი არ მოუწერია. გამოდის, შეერთებული შტატები თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ მისი მოკავშირეებიც დაიცავენ ამ პუნქტებს.
როგორც იცით, დადგენილია 60-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც საბოლოო მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს. ამასობაში კი ირანმა, ფაქტობრივად, ყველაფერი მიიღო. თავად ხელისმომწერმაც პირდაპირ განაცხადა: „ჩვენ მივიღეთ ყველაფერი ის, რასაც საომარი მოქმედებებითაც კი ვერ ვაღწევდითო“.
გეოპოლიტიკურად უკვე დადგა თვისობრივი ცვლილებების ფაზა: მონარქიებმა კარგად იციან, რომ მთავარი გადამწყვეტი ძალა არის ირანი და არა შეერთებული შტატები. ასე რომ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი წაგება“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


