„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ბოლო წლებში მოვესწარით“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე მამრაძემ სომხეთის ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ბოლო წლებში მოვესწარით. საქმე ისაა, რომ ნიკოლ ფაშინიანი საერთოდ არ ამბობს, რომ ქვეყანა ტოვებს დსთ-ს ან ოდკბ-ს, ის არც ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან აპირებს გამოსვლას. სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა დგას და მას ერთხელაც არ უთქვამს, ამ ბაზას გავიყვანო. უფრო მეტიც — რუსი სამხედროები იცავენ სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებს და ამ სტატუს-კვოს შეცვლაზე საუბარიც კი არ არის.
გაიმარჯვა თუ არა ფაშინიანმა არჩევნებში, პირველი რაც თქვა, იყო ის, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში შედგებოდა. აშკარაა, რომ ის ორმაგი თამაშის თამაშს ცდილობს, რაც, სიმართლე უნდა ითქვას, ჯერჯერობით გამოსდის კიდეც.
თუმცა, მთავარი მაინც სხვა რამ არის: 2018 წელს, როდესაც ფაშინიანის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, მას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა. ბოლო არჩევნებზე კი მან ეს უმრავლესობა დაკარგა. საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული ოპოზიციური პარტიები ისეთი რაოდენობით შევიდნენ, რომ ფაშინიანი კონსტიტუციას ვეღარ შეცვლის, რისი იმედიც ძალიან ჰქონდა. აზერბაიჯანი კი მასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მანამ არ აფორმებს, სანამ სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულიდან არ ამოიღებენ ფრაზას, რომ ყარაბაღი სომხეთის ნაწილია. ახლა ეს პროცესი მთლიანად ჩაიკეტა და, აქედან გამომდინარე, ერევნისთვის თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგება კიდევ უფრო რთულდება.
და აი, ამ ფონზე, სომხეთში ჩადის ევროკავშირის 47 ლიდერი და ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ფაშინიანმა შეამცირა რუსეთიდან მომდინარე რისკები. საინტერესოა, რით შეამცირა? იმით, რომ პრორუსული ძალები არნახული რაოდენობით შევიდნენ პარლამენტში? ყველაფერი თავდაყირა დადგა. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც რეალობა არის აბსოლუტურად ერთი, ხოლო საზოგადოებისთვის შექმნილი ვიზუალური ფასადი — სრულიად საპირისპირო.
როდესაც დასავლეთში ხმამაღლა აცხადებენ, თითქოს სომხეთი მყარად დაადგა ევროპულ გზას, ისმის მარტივი კითხვა — როგორ დაადგა? რუსულ სამხედრო ბაზასთან, რუს მესაზღვრეებთან და ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან ერთად მიდის სომხეთი ევროპაში? აი, ეს არის ნამდვილი პოლიტიკური აბსურდი“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


