ზურაბ აბაშიძე: „ევროპაში განწყობები მკვეთრად არის შეცვლილი, ბოლო დროს კონსერვატიული, პატრიოტული ძალები მოდიან წინა პლანზე და საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ გარდამტეხი ცვლილებების დროა “

52

„ევროპაში განწყობები მკვეთრად არის შეცვლილი, კონსერვატიული, პატრიოტული ძალები სულ უფრო აშკარად მოდიან წინა პლანზე და საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ გარდამტეხი ცვლილებების დროა“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

„ევროკავშირში დღეს გარკვეული გავლენის ჯგუფები არსებობენ — მაგალითად, კაია კალასის ფრთა, რომელსაც საგარეო მიმართულება მიჰყავს, ფონ დერ ლაიენის გუნდი და ა.შ. შიდა პროცესები იმდენად რთულია, რომ ისინი ხშირად აცდენილია ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს.

ამის დასტურია გავლენიან გამოცემა The Independent-ში გამოქვეყნებული სტატიაც. უკვე თავად ევროპელები — გერმანელები, ფრანგები — ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირის საგარეო უწყების უმაღლესი წარმომადგენლობა უხეშად ერევა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და საგარეო პოლიტიკაში, რაც სასწრაფო გადახედვას საჭიროებს. წარმოიდგინეთ, პრობლემებს უკვე თავადაც ნათლად ხედავენ.

ჩვენც თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და ვთქვათ სიმართლე: ის ადამიანები, რომლებიც წარსულში სერიოზული პოლიტიკური ბიოგრაფიითა თუ ქვეყნის შიდა და საგარეო დამსახურებებით არ გამოირჩეოდნენ, დღეს სათავეში უდგანან ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც მთლიანად აზიანებს საერთო პროცესს.

გვახსოვს, თავის დროზე ჩვენ გვჯეროდა, რომ ნატო აუცილებლად გაფართოვდებოდა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საიმედო ქოლგას შექმნიდა. რა თქმა უნდა, იმ პერიოდისთვის ეს ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, მაგრამ დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებისა და უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ნატოში ინტეგრაცია დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას.

წინ ევროპარლამენტის არჩევნებია. ამიტომ აუცილებელია დაველოდოთ, როგორ შეიცვლება ეს ხაზი, ეს მიმართულებები და მთლიანად ბიუროკრატია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და მჯერა, რომ შეიცვლება კიდეც, რადგან ევროპაში განწყობები მკვეთრად არის შეცვლილი. კონსერვატიული, პატრიოტული ძალები სულ უფრო აშკარად მოდიან წინა პლანზე და საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ გარდამტეხი ცვლილებების დროა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.