ირაკლი კირცხალია ევროკომისრის მხრიდან კრიტიკისა და კანონების გაუქმების მოთხოვნის შესახებ: „ისინი ვერ შემოდიან ობიექტურ დისკუსიაში და მათგან მხოლოდ მასკარადსა და პიარ შოუს ვხედავთ, რომელიც გაცვდა. ასეთივე გაცვეთილია მისი ეს შეფასება“

21

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის მხრიდან კრიტიკასა და კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

„რომელი კანონების გაუქმებას გულისხმობს ევროკომისარი? ალბათ, გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონს, ან მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონს. ნებისმიერი კანონი, რომელიც ამ დარბაზში არის მიღებული ან მომავალში მიიღება, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. ამა თუ იმ კანონს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და გუნდი, რომელსაც აქვს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მანდატი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ როდესაც წარდგენილი იყო თითოეული ჩამოთვლილი კანონპროექტი, მზად ვიყავით ნებისმიერი დისკუსიისთვის და ღიად ვამბობდით, რომ შევიდეთ გნებავთ ღია, გნებავთ – დახურულ დისკუსიაში. ისინი ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ, რომ არ არიან ობიექტურები და, ყველაფერთან ერთად, ვხედავთ მასკარადს, პიარ შოუს, რომელიც გაცვდა. ასე რომ ასეთივე გაცვეთილია ეს შეფასება”, – აღნიშნა კირცხალიამ.