ანი წითლიძე: “სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას “ფეისბუკით” იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება”

28

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და პარტიაში არსებულ კულუარულ მმართველობას აკრიტიკებს.

“აქვე განვმარტავ, რომ მე ცვლილებების მომხრე ვარ და არა სტატუს კვოს შენარჩუნების. კი, არსებულმა მენეჯმენტმა ამოწურა თავი.

არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას “წასვლას”.
ეს „ენმ-ის” ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუკით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასდროს გახდება სახალხო.

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება — სადაც გადაწყვეტილებები ქვემოდან ზემოთ მიიღება.

ამის შანსი „ენმ-ს“ ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა — ისევ იმავე წრეზე ვივლით”, – წერს ანი წითლიძე სოციალურ ქსელში.