„საბჭოთა კავშირი იმან დაშალა, რომ ძველი სახით არსებობის გაგრძელება ვეღარ შეძლო — ზუსტად იგივე პრობლემა დაანგრევს ევროკავშირსაც, ეს გაერთიანებაც სწორედ ამ მიმართულებით მიდის“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ ევროკავშირის მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, ეს რეზოლუციაც თაროზე შემოსადებადაა განკუთვნილი, თარო კი საკმაოდ დიდია. ლოგიკური კითხვა უნდა დავსვათ — რატომ იღებენ ამ რეზოლუციებს და რა ინტერესი ამოძრავებთ? ინტერესები არსებობს სახელმწიფოებრივი, ეროვნული და, გარდა ამისა, პიროვნულიც. რაც უფრო მეტად შეეცდება ევროკავშირის ხელმძღვანელობა იმის ჩვენებას, თითქოს აქტიურად ებრძვის რუსეთს და მის გავლენებს, მით უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზების საშუალება ექნება საკუთარი მოსახლეობის, ანუ ბიუჯეტის ხარჯზე. შესაბამისად, აქ მკაფიო მოტივი იკვეთება. ამ ბიუჯეტებით ფინანსდება პოლიტიკა, თუმცა უკუგება მხოლოდ იმათ მხარესაა, ვინც ეს „დაიმსახურა“. ასე რომ, ეს დიდი და კომპლექსური პროცესია.
მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლისთვისაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლა წარმოუდგენელი იყო. თუმცა, რა გახდა ამის მიზეზი? მრავალი ანალიზის შემდეგ, მივდივართ დასკვნამდე, რომ საბჭოთა კავშირი იმან დაშალა, რომ ძველი სახით არსებობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ზუსტად იგივე პრობლემა დაანგრევს ევროკავშირსაც — ეს გაერთიანებაც სწორედ ამ მიმართულებით მიდის. უკრაინის მხარდაჭერით ბრიუსელი, პრინციპში, თავადვე ვარდება ურთულეს ვითარებაში. ის რესურსი, რომელიც უკრაინაზე იხარჯება, თითოეული წევრი ქვეყნის მოქალაქეს აკლდება. მოსახლეობას უკვე აქვს მწვავე რეაქცია და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს: ან შეწყვიტეთ ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აზარალებს, ან წადით და ადგილი სხვას დაუთმეთო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ომის დასასრული ჯერ არ ჩანს და არც ის მთავარი დროშა იკვეთება, რისთვისაც ევროკავშირი იბრძოდა — დემოკრატიის გამარჯვება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


