რამაზ საყვარელიძე ირან-ამერიკის შეთანხმებაზე: „ტრამპს ერთგვარი ტაიმაუტი ესაჭიროებოდა, რათა არჩევნებზე მომგებიანი პოზიციით გავიდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მან ებრაული ინტერესები გაწიროს – სავარაუდოდ, ის ამ ომს ახალი მოტივებით გააგრძელებს“

19

„ტრამპს ერთგვარი ტაიმაუტი ესაჭიროებოდა, რათა არჩევნებზე მომგებიანი პოზიციით გავიდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მან ებრაული ინტერესები გაწიროს – სავარაუდოდ, ის ამ ომს ახალი მოტივებით გააგრძელებს“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ ირან-ამერიკის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ფაქტს საფეხბურთო ტერმინოლოგიით გამოვეხმაურებოდი — მე მგონი, ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმია. პირველ ტაიმში გუნდის გამარჯვება არ ნიშნავს, რომ საბოლოო სურათიც ასეთივე იქნება. ვფიქრობ, არც ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩანს ჯერჯერობით საბოლოო გამარჯვებული.

ტრამპის განცხადებებიდან საბოლოო დასკვნის გამოტანა რთულია, ის ხშირად საკუთარი სცენარით მოქმედებს. თუმცა, პროცესები მიანიშნებს, რომ ტრამპს ისრაელი არ გამოუწვევია პროცესიდან, თავად კონფლიქტიდან კი გავიდა, მაგრამ ისრაელი კვლავ ძველ როლში დატოვა. ისრაელმაც, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლაში რჩება.

შესაბამისად, ისრაელის ფაქტორმა, შესაძლოა, ეს კონფლიქტი კვლავ განაახლოს, თუმცა მანამდე ტრამპს არჩევნები აქვს ჩასატარებელი. ამასობაში, თუ ჰორმუზის სრუტეზე წნეხი შემცირდება, ნავთობის ფასები დაიკლებს, რაც ტრამპის რესპუბლიკური პარტიისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. მეტი არც არაფერი სჭირდებოდა ტრამპს — მას ამ ეტაპზე ერთგვარი ტაიმაუტი ესაჭიროებოდა, რათა არჩევნებზე მეტ-ნაკლებად მომგებიანი პოზიციით გავიდეს.

საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ კი, რა სურათსაც დადებს ისრაელის ეს „მოუსვენრობა“, ვფიქრობ, სწორედ ამის მიხედვით მიეცემა ამერიკას პროცესების გაგრძელების საბაბი. თანაც, ამერიკული პოლიტიკის უკან უზარმაზარი ებრაული ლობი დგას, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს, დაიჩაგრება თუ არა მათი ეროვნული ინტერესები. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპმა ეს ინტერესები გაწიროს და ისრაელი მიატოვოს. ტრამპი აუცილებლად იპოვის ახალ მოტივებს და ეს ომიც, სავარაუდოდ, სრულიად სხვა იმპულსით გაგრძელდება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.