„აქ მთავარია პროპორციულობა: ერთის მხრივ — საგზაო უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ — სანქციის ადეკვატურობა დარღვევასთან მიმართებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სანქციებისა და ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„პარლამენტში უკვე ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ცვლილება ეხება სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სანქციებსა და ჯარიმებს. მოქმედი რედაქციით, 15-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება 300 ლარს იწვევს. ახალი პროექტის მიხედვით კი, 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქცია 50 ლარი გახდება; 30-დან 50 კმ/სთ-მდე — 100 ლარი, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება.
აქ მთავარია პროპორციულობის პრინციპი: ერთის მხრივ — საგზაო უსაფრთხოება, რომელიც განუხრელად უნდა იყოს დაცული, ხოლო მეორეს მხრივ — სანქციის ადეკვატურობა ჩადენილ დარღვევასთან მიმართებით.
ამავდროულად, ეს ყველაფერი თავად მძღოლებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, დღეს მოქმედი 15 კმ/სთ-იანი დაუჯარიმებელი ზღვარი, სამწუხაროდ, არასწორად გამოიყენება და ბევრი ცდილობს, მუდმივად ამ სიჩქარით იაროს. არადა, ამ დათქმას სხვა დანიშნულება აქვს — ის, თუნდაც, გასწრების მანევრისთვისაა გათვალისწინებული.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს, რომ მაღალი სიჩქარე დიდი გამოწვევაა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აქ დაწესდა მკაცრი სანქცია, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ პროპორციული და თანაბარი რეგულაცია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


