„22-მა დაკავებულმა დანაშაული აღიარა და მოინანია — ახლა ვინ ტყუის: ეს ადამიანები, თუ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მათ უკანონო პატიმრებს უწოდებდნენ?!“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გოდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.
„მოდით, ვისაუბროთ ფაქტებით. საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია გენერალური პროკურორის ანგარიში, რომლის მოსმენაც მომავალ კვირაში გაიმართება. თუ ამ დოკუმენტს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ გასული წლის განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპზე, საქმეთა 86%-ში განაჩენი საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. შესაბამისად, ის, რაც ერთი შეხედვით 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შემთხვევად საღდება, რეალურად არსებული, საერთო პრაქტიკაა. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ საერთო მიდგომიდან გამომდინარე იქნა მიღებული და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების სასარგებლოდ.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი ჰუმანური მიდგომა აქვს სახელმწიფოს დანაშაულისა და დამნაშავის მიმართ. აქ, რა თქმა უნდა, ბალანსია დასაცავი: დაზარალებულთა ინტერესები, მზად არის თუ არა პირი მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, რა ვადებში და ა.შ. პროცესი მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ასე რომ, ამ კონკრეტულ საქმეში უპრეცედენტო არაფერი ყოფილა. პირიქით — თუ ვინმეს სურს ისარგებლოს იმ პრაქტიკით, რაც საქართველოს პროკურატურას აქვს, ამისათვის აუცილებელია დანაშაულის აღიარება და მონანიება.
საინტერესოა მეორე კონტექსტიც: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ „იფიქრა“ საქართველოზე მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე. როგორც ჩანს, საკუთარი არჩევნები კი არ აინტერესებდა, იმდენად „უყვარს“ საქართველო, რომ ჩვენთან ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობისას, სოციალურ ქსელში ეგრევე პოსტი გამოაქვეყნა, თითქოს საქართველოს მხარეს იყო. შემდეგ სხვადასხვა ევროპარლამენტარმა, მათ შორის EPP-ის წარმომადგენლებმა, დაიწყეს განცხადებები — გაათავისუფლეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირებიო. ძალიან საინტერესოა, რას ამბობენ ეს ადამიანები ახლა, როდესაც 22-მა პირმა თავად აღიარა, რომ 4 ოქტომბერს დანაშაულს ჩადიოდა და ეს ყველაფერი მოინანია? ეს 22 ადამიანი ტყუის, როდესაც საკუთარ დანაშაულს აღიარებს, თუ ის ევროპარლამენტარები ტყუოდნენ, როცა მათ „უკანონო პატიმრებს“ უწოდებდნენ?!“ – განაცხადა არჩილ გოდულაძემ.


