„ევროკავშირის ბოლო რეზოლუციას თუ წაიკითხავს ადამიანი და გააანალიზებს, პირდაპირ ამოიკითხავს 30-იანი და 40-იანი წლების ცენტრალური და დასავლური ევროპისთვის დამახასიათებელ იდეოლოგიას. ზუსტად იგივე იყო საბჭოთა კავშირის პერიოდისთვის დამახასიათებელი მიდგომებიც“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გოდულაძემ ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია ის კი არ იყოს, თუ რას იტყვიან რასა იუკნევიჩიენე, მარტა კოსი ან კაია კალასი — ჩვენ მათთან კი არა, იმ ორგანიზაციასთან გვჭირდება ურთიერთობა, რომელიც წესით და რიგით ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური კავშირის, თანასწორუფლებიანობისა და თავისუფალი გადაადგილების გარანტი უნდა იყოს.
როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, მისი ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და კულტურა იყო, რომელიც ქრისტიანულ და ისტორიულ ფესვებს ეფუძნებოდა. სამწუხაროდ, დღეს სულ სხვა რეალობას ვხედავთ. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ბოლო რეზოლუციის წაკითხვისას პირდაპირ იკვეთება გასული საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლების ცენტრალური და დასავლური ევროპისთვის დამახასიათებელი იდეოლოგია. ზუსტად იგივე მიდგომები იყო საბჭოთა კავშირის პერიოდისთვისაც დამახასიათებელი — ფურცელზე დაწერილი ფიქციური უფლებები.
ჩვენ გვინდა, რომ ევროპა დაბრუნდეს ევროკავშირში. ჩვენი მიზანია, საკუთარ სამშობლოში გადაწყვეტილებებს თავადვე ვიღებდეთ, რაც ხდება კიდეც. რა თქმა უნდა, განცალკავებულად ვერ ვიქნებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისგან და კარგად გვესმის, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, თუმცა მთავარია, რამდენად ემთხვევა ეს სხვა სახელმწიფოთა მიზნები ჩემი ქვეყნის ინტერესებს. თუ ინტერესებს შორის თანხვედრა არსებობს, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი პარტნიორობაზე საუბარი და შორსმიმავალი გეგმების დასახვაც კი“, – განაცხადა არჩილ გოდულაძემ.


