„გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება — მკაფიო ზღვარია გავლებული, რა არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და რა — შეურაცხყოფა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გოდულაძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.
„სად უნდა გადიოდეს ყველაზე მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის? გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური — მისი შეზღუდვა შესაძლებელია, მათ შორის, სხვათა უფლებების დასაცავად. თუ პირი შეურაცხყოფს მეორეს, ეს უკვე დარღვევაა.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“: მილაძე არის პირი, რომელიც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყველას და ყველაფერს აგინებდა, ამ ყოველივეს კი ბავშვებიც ისმენდნენ. სტრასბურგის სასამართლომ ძალიან საინტერესო მსჯელობას გაუსვა ხაზი და სრულად გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოების პოზიცია.
ჩვენი სასამართლოები სწორედ სტრასბურგის პრაქტიკას დაეყრდნენ, სადაც მკაფიო ზღვარია გავლებული, თუ რა არის შეურაცხმყოფელი განცხადება და რა — საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
რაც მთავარია, ამის პრაქტიკა საქართველოში არსებობს, რა თქმა უნდა, კიდევ დაიხვეწება და, ამავდროულად, მიდგომა არ იქნება დისკრიმინაციული. ჩვენი პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია უჭირავს პირს, რა პროფესიის არის, ან რა მიზნები და სურვილები ამოძრავებს.
სტრასბურგის სასამართლომ ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი — ბილწსიტყვაობის გამოყენება განსაკუთრებით სახიფათოა სოციალურ ქსელებში, სადაც არასრულწლოვნების ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქუჩაში ბილწსიტყვაობა, შესაძლოა, სულ რამდენიმე ადამიანმა მოისმინოს, ხოლო სოციალურ ქსელებში ეს ყველაფერი სამუდამოდ რჩება, წამიერად ვრცელდება და აუდიტორიის მოცულობაც უზარმაზარია“, – განაცხადა არჩილ გოდულაძემ.


