„საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით გლობალურ გეგმებში უტყვი და შესაწირად გამზადებული პაიკის როლის შესრულებაზე“ – ეკა სეფაშვილი

23

„საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით გლობალურ გეგმებში უტყვი და შესაწირად გამზადებული პაიკის როლის შესრულებაზე“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„ერთია რეალობა, რომელიც საქართველოშია და რომელსაც საერთაშორისო, ობიექტური ექსპერტები ადასტურებენ, ხოლო მეორეა ევრობიუროკრატების განცხადებები და მოწოდებები. მაგალითად, ისინი მოგვიწოდებენ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მაშინ, როდესაც საქართველო ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას ისედაც შეერთებულია. სხვათა შორის, ამ რეჟიმის ფარგლებში საქართველოს საბაჟოზე 2000-ზე მეტი ტვირთი გაჩერდა, რომელიც რუსეთში არალეგალურად მიემართებოდა და მათი ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოდიოდა.

რეალურად, ჩვენგან ითხოვენ ორმხრივი სანქციების დაწესებას, რაც რუსეთისთვის ეკონომიკურად არაფრის მომტანია, ჩვენთვის კი უზარმაზარ ეკონომიკურ დარტყმას ნიშნავს. ექსპერტების გათვლებით, ეს გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის 18%-იან ვარდნას. შედარებისთვის: პანდემიის პერიოდში, როცა ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონი იყო, ეკონომიკა მხოლოდ 6%-ით შემცირდა. აი, ამ კატასტროფისკენ გვიბიძგებენ. ამიტომ, ამ მოთხოვნას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ საქართველომ რუსეთს ისეთი დისკომფორტი შეუქმნას, რის გამოც მოსკოვი დათმობაზე წავა. თანაც, ევრობიუროკრატებს „ავიწყდებათ“, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანაა — ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სადაც ყოველდღიურად ილახება იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები – შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, სამედიცინო მომსახურების მიღება და ასე შემდეგ. ამ ფონზე გვთხოვენ მოვახდინოთ მდგომარეობის ესკალაცია.

მე წლებია ევროინტეგრაციის საკითხებზე ვმუშაობ. წინა წლებში, იქნება ეს „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ თუ ასოცირების შეთანხმება, როდესაც ევროპულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ვუხსნიდით, რომ ესა თუ ის საკითხი საქართველოსთვის სენსიტიური იყო, ისინი ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ ჩვენს არგუმენტებს და დათმობაზე მიდიოდნენ. დღეს კი არათუ დათმობაზე წასვლა, არამედ არგუმენტების მოსმენაზეც კი არ უნდათ. მეტიც, საკუთარი ინიციატივით გააუქმეს დიალოგის ყველა ფორმატი საქართველოსთან. დასკვნა ნათელია: საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით გლობალურ გეგმებში უტყვი და შესაწირად გამზადებული პაიკის როლის შესრულებაზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.