„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისთავად სამარცხვინო პარტიაა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მისი ლიდერი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისთავად სამარცხვინო პარტიაა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მისი ლიდერი. ეს ძალა თანდათან კლებად რეჟიმში გადადის — ისინი კარგავენ მომხრეებს. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ადრე ბრმად სჯეროდათ მათი. ხოლო ვინც გააზრებულად უჭერდა მხარს, ისინი დიდი ხანია დაკარგეს. ის პირებიც კი, რომლებიც თავიდანვე ამ რიგებში იყვნენ და პარტია არასდროს დაუტოვებიათ, საკუთარ ფეისბუქ-პოსტებსა თუ სატელევიზიო გამოსვლებში ღიად აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია ღრმა კრიზისშია.
მომხრეებს უპირველესად იმის გამო კარგავენ, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, როგორ მავნებლობს ეს პარტია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორ არ ადარდებს ქართველი ხალხის ბედი და როგორ მუშაობს მხოლოდ საგარეო დაკვეთებზე. ამაში, რა თქმა უნდა, იმ ტელევიზიების დიდი დამსახურებაცაა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მიერაა დასანქცირებული. საზოგადოება ხედავს, როგორ ურიცხავენ ფულს ჯო უილსონს თუ სხვადასხვა კომპანიებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შესალახად. ამიტომაცაა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა განუხრელად მცირდება და ყოველ მომდევნო არჩევნებზე სულ უფრო უარეს შედეგს აჩვენებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი საკონსტიტუციო სასამართლოს უკავშირდება. იმ ხალხისგან, ვისაც ქვეყნის ბედი ადარდებს და ვინც 2012 წელს ხელისუფლება აირჩია, სულ უფრო ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა გასამართლდეს. მე არ ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. მათი ძირითადი ამოცანა იქნება ყველა იმ არგუმენტისა და ბრალდების განხილვა, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უზარმაზარი დასკვნის სახით მოამზადა.
ხალხს კარგად ახსოვს ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულები, ადამიანის უფლებების უპრეცედენტო შელახვა და ციხეებში არსებული სისტემური დანაშაული. ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი და პირდაპირ ჩაწერა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ უფლებების დარღვევებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი ითხოვს სამართლებრივ პასუხს ამ ყველაფერზე. საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დიდი შრომა ელის და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


