„საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება, რადგან ეს პირველ რიგში თავად ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება“ – ეკა სეფაშვილი უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაზე

26

„საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება, რადგან ეს პირველ რიგში თავად ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ფაშისტური მიდგომა — სწორედ ფაშისტურ გერმანიაში ხდებოდა ადამიანების მსგავსი სეგრეგაცია. ისინი სწორედ ასეთივე ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და ამავდროულად ვითომ ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბრებიან.
ჩემი აზრით, სრულიად აბსურდულია იმის მტკიცება, თითქოს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კონკრეტულ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების უფლება. ეს იმდენად ალოგიკურია, რომ დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის დღევანდელი მტრული პოზიციის მიუხედავადაც კი, ევროკომისია ამ მიდგომას არ გაიზიარებს. მეტიც, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება, რადგან ეს პირველ რიგში თავად ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბრიუსელის ინტერესებშია საქართველოსთან ურთიერთობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ოფიციალურად და ხმამაღლა სხვა განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ მეორე ხელით ცდილობენ, საქართველო შორს არ გაუშვან. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოგადამცემი კაბელის პროექტს ევროკომისიამ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა, რაც ევროკავშირის შიგნით საჭირო პროცედურების დაჩქარებული წესით წარმართვას გულისხმობს.

მათი მხრიდან ეს მუქარები მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის მექანიზმია. ამ კონტექსტში მინდა შეგახსენოთ პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება, რომ საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი მცირე საბაბი მიეცემათ, ამ თემას ყოველთვის იყენებენ ქვეყანაში არეულობის, დაძაბულობისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისათვის. ეს ნაბიჯი ხმამაღლა რომ არ დაგვეფიქსირებინა, წარმოიდგინეთ, რამდენი შეხვედრა გაიმართებოდა ევროკომისიის, ევროსაბჭოს თუ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ყოველ ჯერზე საქართველოში ხელოვნურ მღელვარებას შექმნიდნენ იმ მოტივით, რომ ჩვენი გაწევრიანების საკითხი არ განიხილეს. დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო ნათლად მტკიცდება, თუ რაოდენ მართებული და პრევენციული იყო ეს ნაბიჯი.

რეალობას თუ შევხედავთ, უვიზო მიმოსვლა საქართველოს იმ კრიტერიუმების შესრულების გამო მიენიჭა, რომლებიც არეგულირებს ევროკავშირის შიგნით არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას — ეს არის დოკუმენტების უსაფრთხოება (ე.წ. ჩიპები და დამცავი მექანიზმები), აღრიცხვის ელექტრონული სისტემები, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის მექანიზმები, თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, რაზეც კანონმდებლობა საქართველოში დღითიდღე მკაცრდება. აი, ეს არის ის რეალური სფეროები, რაც ევროკავშირს აინტერესებს, რათა საქართველოს გავლით არ მოხდეს არალეგალური ნაკადების შეღწევა. ამ თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითოდ უძღვება ამ პოლიტიკას, რაც დასტურდება კიდეც ვიზალიბერალიზაციის შეფასების დოკუმენტებში. ბოლო ანგარიშშიც, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, არაფერი განსაკუთრებული არ ეწერა, გარდა ორი საკითხისა: გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებისა, რომლებსაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს უვიზო მიმოსვლასთან. ერთადერთი, რაზეც ისინი აპელირებენ, ვითომ ადამიანის უფლებების შეზღუდვაა, თუმცა იქვე, თავიანთ ანგარიშებშივე აღიარებენ, რომ ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპის საშუალო დონეზეა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.