„ვიდრე უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება გრძელდება, ნუ გვექნება ილუზია, რომ ევრობიუროკრატიის ან ბრიტანეთის მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ხუმრობით რომ ვთქვათ, „პოსტივის“ დასანქცირების ცოდვა ეწია სტარმერს. თუმცა, სერიოზულად თუ შევხედავთ, იგი პოლიტიკურად არ დაიკარგება, რადგან მსგავს ფიგურებს ყოველთვის იყენებენ ის ძალები, რომლებიც მათ რეალურად მართავენ. რაც შეეხება ინტერესებს: დიდ ბრიტანეთს მუდმივი მეგობრები არ ჰყავს, მას აქვს მუდმივი ინტერესები. თუმცა, ის პოლიტიკა, რასაც დღეს დიდი ბრიტანეთი და მათ შორის ევროკავშირიც აწარმოებენ, ბრიტანელი ხალხის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
საქართველოსთან მიმართებით რა ინტერესი ამოძრავებთ, ამის გამოცნობაც არ არის რთული — ფაქტია, რომ აქ ჯანსაღი პარტნიორობა არ იკვეთება. გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს რამდენიმე წლით უკან დაბრუნება, ევროპის კონტინენტზე უდიდესი კონფლიქტის — რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე. დასავლეთის მთელ რიგ ძალებს საქართველო ეგულებოდათ ხელსაყრელ გეოგრაფიულ პლატფორმად და „პროქსი ხალხად“, რომლებსაც საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ნატოს წევრები, თუმცა ალიანსმა არცერთ ქვეყანას არანაირი დაცვის მექანიზმი — არც მაპი და არც პირდაპირი ხელშეკრულება — არ მისცა. ანალიტიკური უნარების მქონე პოლიტიკოსისთვის მაშინვე ნათელი უნდა გამხდარიყო, რომ ეს ყოველივე ორივე ქვეყნის პროქსი ძალად გამოყენებისკენ იყო მიმართული, რათა მათი ხელით რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი მიეყენებინათ.
2012 წლის შემდეგ, წინა რეჟიმის „უტვინო“ და მოღალატეობრივი პოლიტიკის უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და პირველ რიგში მისმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, უდიდესი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და გროსმეისტერული მიდგომა გამოავლინეს. საქართველომ აირიდა თავზე დაკიდებული დამოკლეს ხმალი და უარი თქვა საკუთარი თავის ზვარაკად შეწირვაზე სხვისი გლობალური მიზნებისთვის. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, კარგი იქნებოდა თუ ცუდი რუსეთის სტრატეგიული მარცხი, არამედ იმაზე — გადარჩებოდა კი საერთოდ ქართველი ხალხი და ქვეყანა, ომი აქაც რომ გადმოსულიყო?
სწორედ იმას ვერ გვპატიობენ, რომ 4 წლის წინ, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა — დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, გაგვეგზავნა მებრძოლები და ჩავრთულიყავით კონფლიქტში — ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა, ეკონომიკა გაზარდა და სახელმწიფო წინ წაიყვანა.
ვიდრე უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება გრძელდება, ნუ გვექნება ილუზია, რომ ევრობიუროკრატიის ან ბრიტანეთის მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ამ ვითარებას თუ რამე გამოასწორებს, ეს ისევ და ისევ „შუა დერეფანი“ და ჩვენი გეოგრაფიული აუცილებლობაა. როდესაც ევროკავშირი რეალობის წინაშე დადგება, ტვირთებისა და ენერგორესურსების უსაფრთხოების ძიებაში აუცილებლად გაიხსენებს გეოგრაფიას და აღმოაჩენს, რომ საქართველოს გარეშე „შუა დერეფანი“ უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


