„პრემიერის ვიზიტისას ყირგიზეთსა და ყაზახეთში გაფორმებული შეთანხმებები უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის რეალიზებისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყირგიზეთსა და ყაზახეთში განხორციელებული ვიზიტების შეფასებისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჰქონდა ყირგიზეთსა და ყაზახეთში. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ქვეყანასთან პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავართ. საპარლამენტო დონეზე, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი ვიზიტები სწორედ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში გვქონდა.
ამ ქვეყნების მხრიდან ყოველთვის არსებობდა მზაობა, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ იმ სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს გააჩნია. მათი ეს ინტერესი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
პრემიერის ვიზიტის ფარგლებში უამრავი ხელშეკრულება გაფორმდა, რაც თანაბრად სასარგებლოა როგორც ამ ორი ქვეყნისთვის, ისე საქართველოსთვის — ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ფუნქციის სრულფასოვნად რეალიზებისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


