„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ რაც დათესეს, იმასვე იმკიან — საკუთარ პოლიტიკურ გასვენებას აწყობენ და ამ პროცესს თითოეული ჩვენგანი ვაკვირდებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმ რადიკალურ ჯგუფებს — პოლიტიკურად უგვანო ადამიანებს — რომ რასიზმისა და ქსენოფობიის არათუ ელემენტები აქვთ, არამედ კარგად არიან დახუნძლულნი ამ მანკიერი სენით, ეს ახალი ამბავი არ არის და დიდი ხანია ვიცით. მათ ყველასთვის დემოკრატებად სურდათ თავის მოჩვენება. თავის დროზე სააკაშვილი დემოკრატიის შუქურადაც კი იყო აღქმული, თანაც მაშინ, როდესაც საქართველოში დემოკრატიის გარდა ყველაფერი ხდებოდა — ავტოკრატია და ტირანია ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
რაც შეეხება მათ დღევანდელ მძიმე სურათს, რომელიც საკუთარივე ქმედებებით მიიღეს — რასაც დათესეს, იმასვე იმკიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის გასაკვირი რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე. პირველი და ყველაზე მთავარი საზოგადოების ნდობაა. პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც წარმატებული ხარ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვს ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, შეიძლება ასპროცენტიანი მხარდაჭერა არ გქონდეს, მაგრამ თუკი საზოგადოების ნაწილი მაინც გენდობა, პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივებ. ხოლო როდესაც ამ ნდობასაც კარგავ, ფსკერზე დაშვება და დახრჩობა გარდაუვალია. სწორედ ეს ემართებათ ჩვენს თვალწინ — ისინი საკუთარ პოლიტიკურ გასვენებას აწყობენ და ამ პროცესს თითოეული ჩვენგანი აკვირდება.
სხვა რა უნდა ითქვას, როდესაც ერთ პოლიტიკურად უგვანო თავმჯდომარეს „დიდი ბელადი“ სააკაშვილი მეორე ასეთივე თავმჯდომარით ცვლის. რამდენი იწვალა, რამდენი იშრომა, მაგრამ არ დაუფასეს ქალბატონ თინათინს. იმიტომ არ დაუფასეს, რომ კუ და მორიელის იგავისა არ იყოს, ეს არის მათი პოლიტიკის ბუნება და თავად სააკაშვილის სახე: თუ როგორ იმართებოდა „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის და როგორ არ აინტერესებდა „დიდ ბელადს“, ვინ რას შრომობდა. სხვათა შორის, ეს „დიდი ბელადი“ უკრაინის მოქალაქეა და მას ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არანაირი უფლება არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, ნანუკა ჟორჟოლიანი უკეთესად მართავს, ვიდრე ქალბატონი თინა? ეს ყველაფერი სასაცილოა.
არ ვიცი, როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება — დაელოდებიან ამ გადაწყვეტილებას თუ მანამდე გაიკეთებენ ხარაკირს, თუმცა რაც მალე მოხდება ორივე, მით უკეთესი. საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტებსა და გარემოებებს საღად, სწორად შეაფასებს და გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რაც ამ ნახევრად კრიმინალური, ქვეყნის დამანგრეველი ძალისა და მათი „ბიძაშვილი“ პარტიების პოლიტიკური ველიდან სრულ გაქრობას გამოიწვევს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


