„იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ჰუმანური, უპირველესად აუცილებელია დანაშაულის აღიარება და მონანიება. სხვაგვარად, არცერთ ქვეყანაში არანაირი ჰუმანური აქტი არ არსებობს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.
„მართალია, აქვთ ძალიან დიდი მცდელობა, რომ ფაქტების ნაცვლად ვირტუალური აღქმებით გვაცხოვრონ, მაგრამ ადამიანებმა ხომ საკუთარ თვალებს უნდა დავუჯეროთ? ხომ არ შეიძლება მედიაპროპაგანდამ, პარტიულმა ტელევიზიებმა და მათი ეთერების მრუდე დღის წესრიგმა იმ დონემდე მიგვიყვანოს, რომ რეალობა ვეღარ შევამჩნიოთ? ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორ ისმოდა 4 ოქტომბერს პირდაპირი მოწოდებები ძალის გამოყენებაზე, როგორ ქმნიდნენ მანამდე რევოლუციურ კომიტეტებს და როგორ მობილიზებდნენ იქ ადამიანებს. ამ ყველაფრის ფონზე კი, იქვე, პროცესების ეპიცენტრში იმყოფებოდა ქალბატონი სალომე. ისინი ელოდებოდნენ როგორ შევარდებოდა ეს ხალხი პრეზიდენტის სასახლეში, ხოლო ესენი თავს მმართველებად გამოაცხადებდენ. ამიტომ, ვინც ეს რეალობა დაინახა, აღიარა და მოინანია, მათ მიმართ სახელმწიფოც შესაბამისად, ადეკვატურად და ჰუმანურად მოიქცა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


