პრემიერი ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ: “აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში. საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, და ეს არის რეალობა. დანარჩენი, რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო”

21

„ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე. არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში. ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციას შეეხებოდა.

“არასამთავრობო სექტორი უკვე გაუგებარი ტერმინია. არასამთავრობო სექტორი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორი და ასეთია, დაახლოებით, 3.5 მლნ ადამიანი საქართველოში.

საერთოდ, აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის რეალობა; დანარჩენი, რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო“, – აღნიშნა პრემიერმა.