ლევან მაჭავარიანი: „ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც, სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა“

32

„მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე “გლობალური ომის პარტია“, იგივე, პირობითად, “დიფ სთეითი”, როგორც ამას აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია უწოდებს, ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელ მმართველ კლასს“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ბატონი სტარმერი იყო დაქირავებული ამ ადამიანების და ჯგუფების მიერ, გააკეთებინეს ძალიან ბევრი ბინძური საქმე და შემდეგ, როდესაც უკვე აღარ დასჭირდათ, მოსთხოვეს გადადგომა. ის არ სარგებლობდა ბრიტანელი ხალხის მანდატით და ნდობით, რაზეც ყველაზე კარგად მეტყველებდა მისი რეიტინგი, რომელიც 15%-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული და, სამწუხაროდ, ასეთივე რეიტინგით სარგებლობს დღეს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ბევრი ლიდერი. ბატონი სტრამერის პირობებში, შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც უსამართლო აღარ ჰქვია – ეს იყო უკიდურესად სასაცილო გადაწყვეტილებები, როდესაც, დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, „იმედი” და „POSTV-ი“ დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ და ამის მიზეზად მოიყვანეს ის, რომ თითქოს, ამ ტელევიზიების მეშვეობით ხდება უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. ასევე, ის სასაცილო ნარატივი და რეპორტაჟი, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ თითქოს, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოვიყენეთ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება ჩვენი მოქალაქეების დასაშლელად და, ფიზიკურად, მოწამლული ადამიანიც არ არსებობს. ეს გააკეთა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტარმერის მთავრობასთან იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული.

ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად, ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელი ლიდერები არ ზრუნავენ საკუთარი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე, არ ზრუნავენ საკუთარი ხალხის პრობლემებზე. ძირითადი უკმაყოფილება მათი ხალხისა გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ასეთ პოლიტიკას ატარებენ ეს ლიდერები: უკონტროლო მიგრაცია, რომელიც სულ პრობლემაა ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვის; ულტრამემარცხენე ფაშისტური იდეოლოგია; ლგბტ პროპაგანდა, რომელიც თავს მოახვიეს ევროპელ ხალხს – ესეც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს და სწორედ ამის გამოძახილია ის რეკორდულად დაბალი რეიტინგები, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ევროპელ ლიდერებს აქვთ.

საქართველოსთან მიმართებით რა იწვევს უკმაყოფილებას ამ ქვეყნების მხრიდან, ბრიუსელის მხრიდან და, პირველ რიგში, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც აკონტროლებენ ბრიუსელს? – ეს არის ის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საქართველოში ატარებს. კი, რა თქმა უნდა, შეცდომებიც არის, რაღაცები შეიძლება უკეთესადაც გაკეთდეს, თუმცა ჩვენ პრობლემებს არასდროს გავურბივართ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივყვებით ქართულ ხაზს. ჩვენ ვართ ეროვნული ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, და მიუხედავად ამ ძალებისა, რაც მე აღვნიშნე – უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟისა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე, ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინეს და ჩვენ არ მივეცით არავის უფლება, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც, სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა.

ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, რა თქმა უნდა, ამ გზას გავაგრძელებთ – ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.