ნიკოლოზ სამხარაძე: “ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ვიყავით ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოში. ექვსივე სახელმწიფოში, შეიძლება ითქვას, არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებით”

23

“მოგეხსენებათ, გასულ კვირას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ვიმყოფებოდით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც გვქონდა შეხვედრები როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროში და გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირთან ურთიერთობის პრიზმაში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ჩვენ წარვუდგინეთ ის წუხილები, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით. და როდესაც უსამართლო მიდგომაზე ვსაუბრობთ, მინდა, საზოგადოებისთვის ასევე ნათელი იყოს, თუ რაზე ვესაუბრებით ჩვენს უცხოელ კოლეგებს. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა – მუდმივი მოწოდება იმაზე, რომ საქართველომ უნდა დააწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ და ჩვენ ავუხსენით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური საკითხი; ეს არ არის მხოლოდ ევროპასთან ან, თუნდაც, უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხი და ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველო არის ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფო და, შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება ესკალაცია, რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დამატებითი ესკალაცია მოიტანოს და, შეიძლება, სამხედრო კონფლიქტითაც დასრულდეს.

მეორე საკითხი იყო ჩვენს შიდა საქმეებში და, განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა. სხვათა შორის, ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, იმ შეხვედრებზე, რომლებზეც ჩვენ ვიყავით, აბსოლუტური გაგება და თანხმობა იყო იმ საკითხზე, რომ მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ჩადის კანდიდატ ქვეყანაში და იქ, წინასაარჩევნო პროცესში, რომელიმე პარტიას, ან რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა. ამაზე საკმაოდ ნათლად, მაგალითებითა და ფაქტებით ვესაუბრეთ ჩვენს კოლეგებს.

მესამე საკითხი – ეს არის პროტესტი, რომელსაც ევროკავშირი დღემდე მიიჩნევს, რომ იყო მშვიდობიანი. ამაზე ჩვენ გამოვთქვით ჩვენი წუხილი, რომ, როდესაც შენ ხედავ პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევას, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას; როდესაც პარლამენტის შენობა იწვის; როდესაც მანქანები იწვის; როდესაც პოლიციელები არიან დაშავებულები… ისმის კითხვა: ვინ აკეთებს ამას? ეს რაღაც უხილავი, უჩინარი ხელია თუ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს სჩადიან? შესაბამისად, როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს ვერანაირად ვერ მიიჩნევა მშვიდობიან პროტესტად, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

მეოთხე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ეს არის ორმაგი სტანდარტები, თუნდაც, კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაით: ის, რაც ეპატიება ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანას, შეიძლება, შემდეგ არ ეპატიოს საქართველოს, რაც ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი, ამიტომ ამ საკითხებზე გვქონდა საკმაოდ საინტერესო ღია და კონსტრუქციული საუბარი.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ დარბაზიდან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს როგორც ბრიუსელში, ისე ლუქსემბურგში, რომ მათ გამოხატეს სურვილი და მზაობა, რათა ჩვენ ამ საკითხებზე გვესაუბრა.

ასევე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოში. ექვსივე სახელმწიფოში, შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებით, – ვგულისხმობ პოლიტიკური დიალოგის არქონას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მათვე, ამ წევრმა ქვეყნებმა მოსთხოვონ ევროკომისიას”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.