„ვიზის შესახებ დიალოგმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის შესახებ დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. მინდა, ამ საკითხს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, იმიტომ, რომ როდესაც ევროკავშირთან ნდობაზე ვსაუბრობთ, მიუღებელია, როდესაც დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში იჟონება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. გასაგებია, რომ ქართული მხარე ვერანაირად ვერ მოახდენდა ამ ინფორმაციის გაჟონვას იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელია, თუ ვინ მოახდინა ამ ინფორმაციის გაჟონვა და რისთვის იყო ეს საჭირო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


