ბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმის შესახებ: „სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას. მთავრობა საქმეში მესამე მხარედ იყო ჩართული“

21

ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს იურისტთა ასოციაციის სარჩელზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა, რომლის მიხედვით, ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო, საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსება და, მეორე მხრივ, ჩვენი სამხედროების ღირსება.

ჩვენი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების წარმოება, განსაკუთრებით, როდესაც ეს უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აქამდე ყველა დავა მოიგო – როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.

დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხებოდა სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ომის დროს აწამეს და ნაწილი წამებით მოკლეს. გადაწყვეტილებაში ევროპული სასამართლო დაეყრდნო უკვე სახელმწიფოთაშორის საქმეში დადგენილ დარღვევას, ასევე, მითითებული არის ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას“, – განაცხადა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ისე წარმართა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქმის წარმოება, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებული და წაგებული საქმეები შემოაბრუნა.

„ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობისა და სამხედროების ღირსება. ის, რომ ანწუხელიძე, ხუბულური და სოფრომაძე აწამეს, საქმეში გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც.

დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას თუ წაიკითხავთ, სასამართლო ამბობს, რომ ეს პირები მითითებული არიან საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოგებულ დავაში. რაც შეეხება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას და აგენტებად მათ გამოცხადებას, არ მინდოდა ამ კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც, ინდივიდუალური საჩივრით, საქართველოს და ქართველ სამხედროებს ცხინვალის დაბომბვას აბრალებდა. ამ ორგანიზაციას უნდა დაეცვა ქვეყნის, ანწუხელიძისა და ყველა ქართველის ინტერესიც, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის დაბომბვაზე საჩივარი არ უნდა შეეტანა.

შრომა იქნებოდა ფუჭი, მათი საჩივარი რომ წაგვეგო, სადაც დადგინდებოდა ცხინვალის დაბომბვა. სტრასბურგში არ უნდა წასულიყო ისეთი საქმეები, სადაც ცხინვალის დაბომბვაში ედებოდათ ბრალი ქართველ სამხედროებს. საჭირო არ არის ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ცხინვალის დაბომბვას აბრალებენ“, – განაცხადა ძამაშვილმა.