„ეს არის თეთრი სახლის გამოუვალი მდგომარეობის ანარეკლი — სხვა გამოსავალი მათ უბრალოდ არ გააჩნდათ“ – გია აბაშიძე აშშ-ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

23

„ეს არის თეთრი სახლის გამოუვალი მდგომარეობის ანარეკლი — სხვა გამოსავალი მათ უბრალოდ არ გააჩნდათ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შეთანხმება. ეს არის შეთანხმება, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს მყიფე, არამდგრადი და არაპროგნოზირებადი. ეს განპირობებულია იმით, რომ მასში ჩართული რამდენიმე მხარე თავად არის არაპროგნოზირებადი — არც ირანი, არც ისრაელი და მით უმეტეს, არც ტრამპის ადმინისტრაცია. აქ კვლავ რთულია სიმართლის გარკვევა, როგორც ეს ნებისმიერი ომის დროს ხდება, როდესაც სხვადასხვა მხარეს განსხვავებული პროპაგანდისტული გზავნილები აქვს, მით უმეტეს — უმაღლეს დონეზე. ერთს ამბობს ტრამპი, ამას უარყოფს ოფიციალური თეირანი, ისრაელიდან კი სრულიად სხვა განცხადებები ისმის.

ფაქტია, რომ შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებები იყო ურთულესი და ე.წ. არაპირდაპირი ფორმატის. ამერიკის დელეგაცია ერთ ოთახში იყო, მეორეში — ირანის. ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ხელს არ ართმევენ, ფოტოებს არ იღებენ და მათ შორის შუამავლები — პაკისტანისა და კატარის ლიდერები დადიან. იქ შეიქმნა ერთი ძალიან საინტერესო პოლიტტექნოლოგიური და დიპლომატიური სურათი, რაც ბევრმა ნახა ტელევიზიითა თუ სოციალური ქსელებით: როგორც წესი, მოლაპარაკებებზე ბოლო შედის ის, ვინც გამარჯვებული და აღმატებულია. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ დარბაზში პირველები ვენსი, კუშნერი, ვირტკოფი, კატარისა და პაკისტანის შუამავლები ისხდნენ და ბოლოს შემოვიდა ირანის დელეგაცია. მათ დემონსტრაციულად აჩვენეს, რომ არ დაელაპარაკებოდნენ ვიცე-პრეზიდენტს, გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა ხნით ადრე ტრამპი მათ განადგურებით დაემუქრა. ამის შემდეგ, 36 საათის განმავლობაში, მოლაპარაკებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რაც კატარმა და პაკისტანმა გვამცნეს. რა თქმა უნდა, მხარეები — ამერიკა და ირანი — ერთმანეთს არ შეხვედრიან, ისე დაიშალნენ და ახლაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება.

ახლა რომ გავაანალიზოთ, რა მოხდა — როგორც შვეიცარიამდე, ისე ვერსალის სასახლეში ხელმოწერილი დოკუმენტით — ამ აქტს აკრიტიკებენ როგორც რესპუბლიკელები, ისე, ცხადია, დემოკრატები. ისრაელში კი ამ საკითხზე ორპარტიული თუ სამპარტიული დაპირისპირებაა, ანუ მთელი პოლიტიკური სპექტრი ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, რადგან ისრაელს თავისი პრიორიტეტები აქვს. ისრაელის, ისევე როგორც ამერიკის ინტერესებში შედის, რომ ირანმა „გააღარიბოს“ გამდიდრებული ურანი და ის მარაგები, რაც შენახული თუ გადამალული აქვს, და იქ საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას. თუმცა აქ დიდი კითხვის ნიშანი ისმება: დაუშვებს კი ირანი ამ ინსპექტორებს? რეალურად აჩვენებს სამალავებს? მთავარი პრობლემა კი, რასაც ისრაელი აცხადებს, არის ის, რომ თელ-ავივი გააგრძელებს ლიბანში „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს, რასაც ტრამპი ეწინააღმდეგება. ისრაელი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ავიწროებს „ჰეზბოლას“, ირანი კი ამის წინააღმდეგია, რადგან, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, დე ფაქტო და დე იურე ირანის ეს პროქსი ძალა სათამაშო დაფაზე რჩება.

აქედან გამომდინარე, საეჭვოა, რამდენად მდგრადი იქნება ეს შეთანხმება, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია პროცესს სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩენს და აცხადებს: „რა გინდათ, ხომ გაიხსნა ჰორმუზის სრუტე, მილიონობით ბარელი ნავთობი გადაიტანეს ერთ დღე-ღამეში, ფასებმა დაიწია და ა.შ.“. მაგრამ აქ ისმის კითხვა — რამდენად განგრძობადია ეს პროცესი? მთავარი თემაც სწორედ ესაა: ერთი მხრივ, „ჰეზბოლა“ კატეგორიულად მიუღებელია ისრაელისთვის, მეორე მხრივ კი — მიუღებელია ირანისთვის ბირთვული კომპონენტის, გამდიდრებული ურანის ჩამორთმევა. ამის პროგნოზირება შეუძლებელია. იბადება კითხვა: რისთვის სჭირდებოდათ ეს ყველაფერი ამდენი ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული დანაკარგის ფასად? არის საერთოდ საუბარი რეჟიმის ცვლილებაზე? ტრამპი თავად ამბობს, რომ ახალი აიათოლა უფრო „დემოკრატიულია“, ვიდრე მისი წინამორბედი. სრული აბსურდია, ამას თავად წამყვანი ანალიტიკური ცენტრებიც კი ვერ აყალიბებენ კონკრეტულად, თუ რა იქნება მომავალში. რასაც ვხედავთ, არის სრული ქაოსი.

ხელშეკრულების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის თეთრი სახლის გამოუვალი მდგომარეობის ანარეკლი — სხვა გამოსავალი მათ უბრალოდ არ გააჩნდათ, რადგან წარმოუდგენელია იმ მასშტაბის ოპერაციების ხელახლა დაწყება, რასაც ამერიკა ადრე ახორციელებდა. მითუმეტეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კარს მოადგა შუალედური არჩევნები კონგრესში, სადაც დემოკრატები ლიდერობენ. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ოქტომბერში ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია და ისრაელის ოპოზიცია, რომელიც აპირებს ერთიანად შეუტიოს ნეთანიაჰუს, გეგმავს, რომ მისი ჩამოშორების შემთხვევაში იგი ისრაელის ინტერესების ღალატში დაადანაშაულოს. არ არის გამორიცხული, ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშეც წარდგეს“, – განაცხადა გია აბაშიძემ.