„კიევის მხრიდან პოლონეთის გაღიზიანება აბსოლუტურად არაშორსმჭვრეტელური და არაგონივრული ნაბიჯი იყო“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ უკრაინა-პოლონეთს შორის ვოლინის ტრაგედიის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან რთული ვითარებაა. გასაგებია, რომ ზელენსკის აჰყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ის ლიდერები, ვისაც ეს ჯილდო აქვთ მიღებული უკრაინაში, მაგრამ გაუგებარია, რატომ გააღიზიანეს პოლონეთი? ხომ იცოდნენ, ვოლინის მკვლელობები — ის მასობრივი გენოციდი, რაც თავის დროზე განხორციელდა. რა საჭირო იყო ამ ბატალიონისთვის სადავო სახელის დარქმევა და წარსულის ამ ფორმით გაცოცხლება? ამ ნაბიჯით სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ეს იყო აბსოლუტურად არაშორსმჭვრეტელური და არაგონივრული გადაწყვეტილება, რადგან პოლონეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტი აღარ ემხრობა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაცემასა და ლტოლვილების მხარდაჭერას, მაინც უკრაინის მხარეს დგას. რატომ აღიზიანებ პარტნიორს, რა საჭირო იყო ეს უადგილო „სიმბოლიზმი“?
ამ ქმედებით მათ ხელი შეუწყვეს ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას პოლონურ პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის უკიდურეს ნაციონალისტებში, რომლებიც უკვე აღარც მალავენ თავიანთ პოზიციას: „ჯილდოებს თუ აბრუნებთ, მაშინ ლვოვიც დააბრუნეთ და ის სამხედრო ტექნიკაც, რომელიც ჩვენ მოგეცითო“. უახლოეს დღეებში გდანსკში იგეგმება მორიგი შეხვედრა უკრაინის დახმარების კუთხით და საკითხავია, მიიწვევენ კი იქ ზელენსკის?
ამ პროცესებს ებმება კიდევ ერთი რთული თემა — უნგრეთი. ბევრს ჰგონია, რომ ორბანმა ახალი პოლიტიკა შემოიტანა უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ სწორედ მან თქვა, რომ უკრაინის დაჩქარებული ევროინტეგრაცია გამორიცხულია. ჯერ ერთი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები წლებია რიგში დგანან, მეორე — უკრაინამ ყველა პროცედურული ეტაპი უნდა გაიაროს, და მესამე — კარპატებში მცხოვრები უნგრული დიასპორა წლების განმავლობაში შევიწროებული იყო უკრაინის ხელისუფლების მიერ და მათი უფლებები სრულად უნდა აღდგეს. სხვაგვარად უკრაინა ევროკავშირში ვერ მოხვდება. როდესაც ქვეყანაში ომი და უბედურებაა, ხოლო შემდეგ მშვიდობის აღდგენის მძიმე წლები დადგება, ვინმეს ეცლება უმცირესობების უფლებების აღდგენისთვის?
გასაგებია, რომ ის, რასაც ზელენსკი რუსეთის ტერიტორიაზე აკეთებს, ერთი მხრივ, არის სამართლიანი რევანში ოკუპანტზე და ამით იგი აჩვენებს, რომ შეუძლია პუტინთან ომის წარმოება, თუმცა აქაც უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება. ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინა ამას დამოუკიდებლად კი არ აკეთებს, არამედ დასავლეთ ევროპული სპეცსამსახურებისა და სამხედრო ძალების მძლავრი მხარდაჭერით“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


